დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფინალი საკუთარ კედლებში
2012/04/30 14:18:48

ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური „ბაიერნმა“ და „ჩელსიმ“ მოიპოვეს

 

გადაჭედილი ნოუ-კამპი, უამრავი მაყურებელი ტელე-ეკრანებზე, არისტოკრატებისა და კატალონიელების დაპირისპირებული გულშემატკივრები. ასეთი იყო წინა სამატჩო სურათი კატალონიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მატჩმა გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ მოედნის 90%-ს კატალონიელები აკონტროლებდნენ.  საწყის  წუთებში „ჩელსის“  ჰქონდა  დაწინაურების  შანსი, როდესაც დიდიე დროგბა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა, კატალონიელთა მეკარისა და მცველის ერთობლივი ძალისხმევით, დროგბამ არისტოკრატები ვერ ახეირა, ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს „ბარსელონა“ იყო.
კატალონიელებს ლონდონში  1:0  ჰქონდათ წაგებული და ცხადი იყო, რომ ანგარიშის გასახსნელად ბარსელონელი ფეხბურთელები ყველა ღონეს იხმარდნენ და ეს დროც მათ 35-ე წუთზე დაუდგათ, როდესაც კუენკას გადაცემის შემდეგ სერხიო ბუსკეტსმა მასპინძელთა იერიში გოლით დააგვირგვინა, ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა არ გასჭირვებია.
ამ გოლის შემდეგ „ჩელსის“ ფეხბურთელები კაცნაკლულები დარჩნენ მოედანზე. 37-წუთზე სტუმართა გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ უბურთოდ მოძრავ ალექსი სანჩეს უკნიდან მუხლი ჩაარტყა და მსაჯმაც არ დააყოვნა. ტერის წითელი ბარათი „უსაჩუქრა“ და მოედანი დაატოვებინა.
ათკაციანი „ჩელსის“ მდგომარეობა 43-ე წუთზე გაუარესდა, როდესაც ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ ერთობლივი კომბინაცია გაითამაშეს. ამის შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და პიტერ ჩეხის კარი შეარხია 2:0. თუმცა პირველი ტაიმის დამატებით წუთზე „ჩელსის“ ფეხბურთელების უიშვიათესი შეტევა გოლით დაგვირგვინდა. რამირესმა ლამპარდის გამჭოლი გადაცემით ისარგებლა და კარიდან გამოსულ ვიქტორ ვალდეს ბურთი თავზე გადაუგდო 2:1.
ეს ანგარიში კატალონიელებს არ აწყობდათ. რადგან საშინაო შეხვედრა ჩელსიმ 1:0 მოიგო.

თამაშის 49-წუთზე დიდიე დროგბამ სესკ ფაგრეგასი საჯარიმოში წესების დარღვევით წააქცია, რომელსაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. ბურთთან ლეო მესი გაჩნდა, რომელსაც ანგარიშის გაზრდა შეეძლო, თუმცა მესიმ უიშვიათესი რამ გააკეთა: ბურთი ზედა ძელს გაარტყა. ანგარიში კვლავ 2:1 დარჩა.
ანგარიში კატალონიელებმა კი გაზარდეს, თუმცა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. კატალონიელთა მარჯვენა ფრთის „რეაქტორმა“ - დანი ალვეშმა ალექსი სანჩესს საჯარიმოს წინ მიაწოდა ბურთი, რომელმაც გაიტანა კიდევაც, თუმცა ეს გოლი სასიხარულო არ აღმოჩნდა კატალონიელთათვის, რადგან გვერდითმა არბიტმა დანი ალვეშზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირა, თუმცა განმეორებითი ჩვენებისას აშკარად ჩანდა, რომ თამაშგარე არ იყო.
ამის მიუხედავად, კატალონიელები კვლავ განაგრძობდნენ შეტევებს. 83-ე წუთზე მესის ჰქონდა შესაძლებლობა, გულშემატკივრების წინაშე საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოეხდინა, მაგრამ მან შორეული დარტყმის შედეგად ძელს გაარტყა.
თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და კატალონიელები უფრო და უფრო აქტიურობდნენ. თუმცა მოულოდნელად შეცვლაზე შესული ფერნანდო ტორესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი კარებში მოათავსა.
არისტოკრატები ფინალში გავიდნენ, თუმცა, რამდენად სამართლიანად - გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

„ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეგო... არამხოლოდ დღეს, ორივე მატჩში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა... შეგვეძლო, უფრო მეტი გოლიც გაგვეტანა. თერთმეტმეტრიანიც ხელიდან გავუშვით. ლეონელ მესის მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისათვის, რაც კლუბს მისცა, მისით ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს. ვიცნობ რა მის ხასიათს, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ინერვიულებს, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე სწორედ ასეთ მატჩებშია. „ჩელსის“ ვულოცავ. ეს კი, უბრალოდ, ჩვენი წელი არ არის,“ - განაცხადა გვარდიოლამ.
კატალონიელთათვის ტიტულების კოლექცია ვერაფრით გამდიდრდა. მათ ესპანეთის სამეფო თასის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასსა და სამეფო თასს შორის განსხვავება დიდია.
კატალონიელთა მსგავსად, სამეფო გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რომელმაც სტუმრად 2:1 წააგო, თუმცა საშინაო კედლებში მადრიდის „რეალს“ საუკეთესო შანსი ჰქონდა, ფინალური საგზური მოეპოვებინა და „ალიანს არენაზე“ არისტოკრატულ გუნდს დაპირისპირებოდა.
მადრიდის „რეალი“ საწყის წუთებიდან გაქტიურდა, რადგან მათთვის თამაში უპირატესობის მოპოვებას „ოქროს ფასი“ ჰქონდა. მადრიდელთა დამრიგებლის, ჟოზე მაურინიოს ტაქტიკამ გაამართლა კიდევაც დასაწყისში. შეტევაზე „დაგეშილმა“ რეალმა მე-4 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. პენალტი მიუნხენელთა მცველის დავიდ ალაბას საჯარიმოში ხელით თამაშს მოჰყვა, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
„რეალის“ ფეხბურთელები შეტევებს არ წყვეტდნენ და უკვე მე 14-ე წუთზე იმავე კრიშტიანო რონალდომ მესუთ იოზილის ჩინებული პასი გამოიყენა და გოლით დააგვირგვინა „რეალის“ შეტევა.
ამის შემდეგ მადრიდელებმა შეტევებს უკლეს, რასაც, ავტომატურად, მიუნხენელთა გააქტიურება მოჰყვა, ისინი ნელ-ნელა ფსიქოლოგიური შოკიდან გამოდიოდნენ და 27-ე წუთზე უხეშად ეთამაშნენ „ბაიერნის“ თავდასხმელს მარიო გომესს, რისთვისაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიანიშნა მთავარმა არბიტრმა. ის არიენ რობენმა ძლივს გაიტანა. იმავე არიენ რობენს ჩინებული შანსი ჰქონდა, პირველი ტაიმის ბოლო წუთისათვის ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა მის მიერ დარტყმულ საჯარიმოს კასილასის ჩინებული „სეივი“ მოჰყვა და ამით „რეალი“ გადაურჩა ტაიმის შოკით დასრულებას.
მეორე ტაიმში გუნდებმა ერთმანეთის შეცდომების გამოყენებას დაუთმეს ყურადღება, თუმცა ორივე გუნდმა დაცვითი თამაში აირჩია, ცოტაოდენ უპირატესობას ჰაინკესის მიერ დამოძღვრილი გუნდი ფლობდა. მაგრამ თამაში იმის მანიშნებელი იყო, რომ თამაში დამატებით წუთებში გადავიდოდა.
დამატებით დროში მხოლოდ ერთი მომენტი მოხვდა ყურადღების ცენტრში. გრანენო ნოიერის დაპირისპირებისას საჯარიმოში მადრიდელი ნახევარმცევლი წაიქცა, თუმცა ბაიერნის მეკარემ თამაშის სრული წესით ითამაშა, ხოლო გრანენომ ყვითელი ბარათი დაიმსახურა სიმულაციისათვის.
120 წუთიანი დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რისთვისაც თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად.
პენალტების სერია მადრიდელთაგან კრიშტიანო რონალდომ, კაკამ და სერხიო რამოსმა გააფუჭეს და მხოლოდ ჩაბი ალონსომ გაახარა მადრიდელები, ხოლო გერმანელთაგან გოლები ალაბამ, გომესმა და შვაინშტაიგერმა გაიტანეს. ამ უკანასკნელის გოლი მიუნხელთათვის ფინალური საგზურიც გამოდგა.
მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

„თუ ამ დაპირისპირების მთელ 120 წუთს გავაანალიზებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბაიერნის ფინალში გასვლა სამართლიანია,“ - აღნიშნა იუპ ჰაინკესმა. ხოლო ჟოზე მაურინიოს განცხადებით: „თუ კლუბი და ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ სასარგებლო ვიქნები, რეალში მუშაობას გავაგრძელებ. იმედია, ისინიც ასე ფიქრობენ.“
მაშ, ასე, მიუნხენელები ფინალს საკუთარ კედლებში ჩაატარებენ, რომელიც 19 მაისს „ბაიერნის“ მშობლიურ არენაზე - „ალიანს არენაზე“ გაიმართება და ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და ლონდონის „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია