დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლელობურთი სამტრედიის სოფლებში
2012/04/23 12:08:10

საუკუნეზე მეტია, რაც სამტრედიის სოფლებში, აღდგომის დღესასწაულზე, ლელობურთი იმართება. აქაური მამაკაცები განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე ამ შეჯიბრისათვის, რომელიც მათგან დიდ ძალისხმევას, ფიზიკურ ენერგიას და გამძლეობას მოითხოვს. ტრადიციული ლელობურთი წელსაც გაიმართა.

 

15 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ერთმანეთს შეერკინენ ჩხენიში-ნინუაკუთხის და ნაბაკევი-ხუნჯულაურის გუნდები. გთავაზობთ იმ დღის რეპორტაჟს. 

 

თამაში, როგორც წესი, გვიან საღამოს, კულაშის ცენტრში, ჯვარცმის მოედანზე უნდა დაიწყოს. მაყურებელი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. აქ ყველა ასაკის ადამიანს დაინახავთ, დაწყებული პატარა ბავშვებით, დამთავრებული - ხანდაზმული გულშემატკივრებით.

გიორგი სამი წლისაა და ლელობურთის საყურებლად დედამ პირველად წამოიყვანა. როგორც პატარა ბიჭი ამბობს, მამის თამაშის ყურება აინტერესებს და ისიც - გამარჯვებას როგორ იზეიმებენ. გიორგის, დიდი რომ გაიზრდება, უნდა ლელოს მოთამაშე გახდეს.

უხუცესი მაყურებელი კი, მიშა ბაბუ, 85 წლისაა. ზუსტად არ აგონდება, პირველად როდის დაესწრო ლელობურთს, სამაგიეროდ, კარგად ახსოვს პირველი თამაში და გამარჯვების განცდა. ახლა თავის შვილიშვილს გულშემატკივრობს, იმედი აქვს ზურიკო მის სახელს არ შეარცხვენს.

9 საათზე კულაშის ნაზარე ლეჟავას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რომანოზი (ნინუა) ბურთის აგდებით აუწყებს გუნდებს, რომ თამაში იწყება. საოცარი სანახავია, ათეულობით ადამიანი როგორი გაშმაგებით იბრძვის ბურთის ხელში ჩასაგდებად.

თამაშის დაწყებამდე მოთამაშეები სწორ სტრატეგიაზე მსჯელობდნენ. მაყურებელიც საკუთარ გუნდს უერთდებოდა და რჩევებს აძლევდა.

ახლა კი უკვე შეძახილით და პატრიოტული სიმღერებით ამხნევებს გუნდებს:

- ბურთი ჩვენია! ნინუაკუთხეს არ გავატანთ, ნაბაკევი და ხუნჯულაური მაგარია!

- ჩხენიაში და ნინუაკუთხე ერთი გუნდია! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! - ისმის როგორც მაყურებლის, ისე მოთამაშეების ყიჟინა.

თამაში ორ საათზე მეტ ხანს გრძელდება. უპირატესობა ნაბაკევის და ხუნჯულაურის მხარესაა. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. ნინუაკუთხემ და ჩხენიშმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს ბურთის თავიანთი სოფლისკენ წაღება.

გამარჯვების იმედი მაინც ნაადრევი აღმოჩნდა: სულ მალე მოწინააღმდეგე თავგანწირულ შემართებას იჩენს და გამარჯვებაც სწორედ ნაბაკევსა და ხუნჯულაურს ხვდება წილად. უმეტესობას დაგლეჯილი ტანსაცმლით, ის კი არა, ფეხსაცმლის გარეშეც კი უწევს შინ დაბრუნება.

- ეს ტანსაცმელი აღარც ივარგებს, დავრჩი შარვლის გარეშე! - ეუბნება ახალგაზრდა მოთამაშე მეორეს.

- აუ, ბიჭო, სად წავიდა ჩემი „მაიკა!“ - ტანზე იხედება მეორე.

გამარჯვებულებს ბურთი ახლო მცხოვრებ - კანდელაკების ოჯახში მიაქვთ და გამარჯვებას აღნიშნავენ. იცოცხლეთ, კანდელაკებს სტუმარი მიუვიდათ - აქაა მთელი ორი სოფელი თავისი გუნდით და გულშემატკივრებით, ასევე - შორიდან მოსული მაყურებელით!

რამდენიმე წუთით კი ბურთი, ტრადიციისამებრ, ჯერ იმ მიცვალებულის საფლავზე იდება, რომელიც ახალი გარდაცვლილია - წელს ეს პატივი ექიმ ნუკრი სტურუას ხსოვნას მიეგო.

ლელობურთი წელიწადში სამჯერ იმართება. აღდგომას, ახალ კვირას და 26 მაისს.

თამაშის მეორე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით ხარი იკვლება და სოფლის მოსახლეობა გამარჯვებას ოფიციალურად ზეიმობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2271
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია