დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელექტრონული ცეკვის ჩემპიონატი ქუთაისში
2011/04/27 12:14:59

16 აპრილს მე-17 საჯარო სკოლაში, ქუთაისის გაერთიანებული სკოლების თვითმმართველობის თაოსნობით, საქართველოს მასშტაბით Tecktonik-ში ანუ Electro dance-ში (ელექტრონული ცეკვა) რიგით მეორე ჩემპიონატი გაიმართა. იგი მიზნად ისახავს ცეკვის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში.

Tecktonik - ეს არის ცეკვის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც უხეში მოძრაობებისაგან შედგება. ამ ცეკვის ხიბლი იმაშია, რომ მოცეკვავეები ერთმანეთს სხეულის მოძრაობით ესაუბრებიან. ცეკვის ეს სახეობა საფრანგეთიდან მოდის. პარიზის კლუბებში ჩაისახა, შემდგომ განვითარდა და გახდა პოპულარული დანარჩენ ევროპაში.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან - ზუგდიდიდან, სენაკიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან.

მერაბ მანაგაძე, ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე: „ცეკვის ეს ჟანრი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, გარდა საქართველოსი. ამ ცეკვაში ასეთი ორგანიზებული კონკურსი, მგონი, პირველად ტარდება. ახლა ვცდილობთ, რომ ცეკვის ეს სტილი გავხადოთ პოპულარული საქართველოში. მას მიმდევრები ჰყავს, თუმცა ძალიან ცოტა და მსგავსი ჩემპიონატების მიზანიც სწორედ ისაა, რომ ცეკვის ამ სახეობას მიმდევრები გაუჩნდეს.“

ქუთაისის სკოლების გაერთიანებული თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა რაზმაძემ „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა: „ამ ჩემპიონატს ორგანიზებას ვუკეთებთ სკოლების თვითმმართველობა. ასევე, გვერდით დაგვიდგა ორგანიზაცია „sun flower“ და ფიტნეს-ცენტრი „ლაგუნა ქუთაისი“. ეს უკვე რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველი ჩემპიონატი მე-10 სკოლაში საკმაოდ წარმატებით ჩატარდა.“

ლევან   ნიჟარაძე,  ფიტნეს-ცენტრ  „ლაგუნა ქუთაისის“ მენეჯერი: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან მონაწილეები. გვსურს, ავარჩიოთ ორი ჩვენი ფავორიტი და დავასაჩუქროთ ერთდღიანი მომსახურებით, სადაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ უფასო აუზით, საუნით და ასევე, სავარჯიშო დარბაზით.“

ჩემპიონატი სულ სამი ტურისაგან შედგებოდა. მონაწილეობდა 12 მოცეკვავე. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მონაწილე ფსევდონიმით გამოდიოდა. კონკურსის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მესამე ადგილი დაიკავა თბილისელმა კონკურსანტმა მეტსახელად „ჩეჩემ“, მეორე ადგილი - ზუგდიდის წარმომადგენელმა „დემჩამ“, ხოლო პირველი ადგილი ქუთაისელ მოცეკვავე „მიკინეს“ ერგო. რაც შეეხება პრიზებს, პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ ბრინჯაოს მედლები. საუკეთესო მონაწილეს გადაეცა მოოქროვილი თასი. ასევე, სპონსორმა  - „ლაგუნა ქუთაისმა“ თავისი ორი ფავორიტი მონაწილე ერთდღიანი უფასო მომსახურებით დააჯილდოვა.

სპონსორების მიერ გაცემული ეს პრიზები, ალბათ, სტიმული იქნება მონაწილეებისთვის, რომ უფრო დაკავდნენ და განვითარდნენ ცეკვის ამ სახეობაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია