დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალი საკალათბურთო გუნდი
2010/11/29 14:05:56

2010 წლის იანვრიდან ქუთაისს საკალათბურთო გუნდი ჰყავს -  „ქუთაისი-2010“. საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების იდეა ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელობას გაუჩნდა. 2009 წლის შემოდგომაზე გადაიდგა პირველი ნაბიჯებიც ყოფილი მერის ნუგზარ შამუგიასა და ვეტერანი კალათბურთელის გერო ჭეიშვილის ხელმძღვანელობით.  „ქუთაისი-2010“ ჩამოყალიბდა, როგორც შპს, აქვს წესდება, დებულება. ამ გუნდის 100%-იანი მეპატრონე კი ქუთაისის მერიაა. ქალაქის გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 150 ათასი ლარი, რომელსაც როგორც შევიტყვეთ, შემდეგ კიდევ დაამატეს და 170 ათასამდე გაზარდეს. გუნდის სპონსორია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პრეზიდენტია კონსტანტინე ჭეიშვილი, კლუბის დირექტორი - თენგიზ ბიბიჩაძე. გუნდის მწვრთნელია ქუთაისში მოღვაწე, საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი მალხაზ კოხრეიძე, მას აქვს როგორც  საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება. გუნდში მოთამაშე კალათბურთელების უმრავლესობაც მისი აღზრდილია. დამხმარე მწვრთნელია შოთა ჯავახიშვილი, რომელსაც დაახლოებით 35 წლიანი სტაჟი აქვს ამ სფეროში და ბევრი ცნობილი კალათბურთელის აღმზრდელია.

გუნდ „ქუთაისი-2010“-ის დირექტორმა თენგიზ ბიბიჩაძემ „P.S.“-თან საუბარში განაცხადა: „ამ გუნდის შექმნის მთვარი საფუძველი ისაა, რომ ქუთაისს აქვს კალათბურთის საკმაოდ დიდი ტრადიცია. საკმარისია, დავასახელოთ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა: ოთარ ქორქია, მიშა ქორქია, ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე, მერაბ სვანიძე და სხვა.

ჩვენი მიზანია ამ ტრადიციის აღორძინება. დაახლოებით 7-8 წელიწადი ქუთაისს არ ჰყავდა საკალათბურთო გუნდი, თუ არ ჩავთვლით ბავშვთა სკოლას, სადაც საკმაო წარმატებები ჰქონდათ ასაკობრივ ჯგუფებში. ამიტომ, ჩვენი და ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აქცენტი გავაკეთეთ ქუთაისის სკოლის აღზრდილ ბავშვებზე, რომლებიც საკმაოდ კარგად თამაშობენ და ბოლო სამი წელია, ჩემპიონები ხდებოდნენ. გვინდოდა, ისეთი გუნდი ჩამოგვეყალიბებინა, 90%-ით მაინც ქუთაისელებით რომ იქნებოდა დაკომპლექტებული.

ვარჯიშები დაიწყო მარტიდან, ძირითადად ვარჯიშობდნენ ის ბიჭები, ვინც ამ პერიოდში ქუთაისში იყვნენ. მოგეხსენებათ, მაისში მთავრდება საკალათბურთო სეზონი, ამიტომ მაისის შემდეგ გვქონდა გადაწყვეტილი გუნდის დაკომპლექტება, რადგანაც უკვე გვიან იყო ჩემპიონატში მონაწილეობა (ჩემპიონატი დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში, ჩვენ კი 2010-ში ჩამოვყალიბდით. ასე რომ, შუა ჩემპიონატში ვერ მივიღებდით მონაწილეობას). დაახლოებით ივნისის თვეში კლუბი შეივსო. ქალაქის ხელმძღვანელობასთან, პარტნიორ ორგანიზაციასთან მოთათბირების შემდეგ (მათი სურვილი იყო, გაგვეძლიერებინა გუნდი, მხოლოდ 17-18 წლის ბიჭებზე არ გაგვეკეთებინა აქცენტი და უფრო გამოცდილი მოთამაშეებიც აგვეყვანა გუნდში), მოვიწვიეთ რამდენიმე კალათბურთელი, რომლებიც არ არიან ჩვენი ქალაქის მკვიდრნი. სამი მათგანი არის თბილისელი, ერთი კი ბათუმელი. ჩვენთან არიან ის ქუთაისელი კალათბურთელებიც, რომლებიც სხვა გუნდებში თამაშობდნენ. ძალა, რომელიც იყო ქუთაისის სკოლიდან გასული, უკან დავიბრუნეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბუბა ყიფსაძე, რომელიც წარმატებული კალათბურთელია. ბევრ ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, სოხუმის გუნდში თამაშობდა და ახლა ჩვენთან ერთადაა. ასევე ძლიერია თეიმურაზ ბაბუნაშვილი, რომელიც თამაშობდა რუსეთში, მიღებული აქვს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ წარმატებით. გუნდის კაპიტანია ვიქტორ კოღუაშვილი. აი, ამ 6-7 კალათბურთელით შეივსო ვაკუუმი. ჩვენს გუნდში გამოცდილება და ახალგაზრდობა ერთმანეთს შეერწყა.

გვინდოდა, ის ბიჭები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში, არ გაბნეულიყვნენ. ამიტომაც ჩამოვაყალიბეთ ოც წლამდელთა გუნდიც, სადაც ტარდება ასაკობრივი ჩემპიონატები,  ბიჭები დუბლ შემადგენლობაში ვარჯიშობენ. მათი მწვრთნელი ყველასათვის კარგად ცნობილი გელა დარსაძეა. ამჟამად ძირითად და დუბლ შემადგენლობაში ერთად დაახლოებით 22-23 კალათბურთელია.

 

***  

გუნდმა შექმნიდანვე დაიწყო სრულფასოვანი მომზადება ჩემპიონატისთვის. სექტემბერში წარმატებით მონაწილეობდა დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირში, სადაც ოთხი თამაშიდან სამი მოიგო.

ნოემბერში დაწყებულ უმაღლეს ლიგაში, სუპერ-ლიგაში, გუნდს, ჯერჯერობით, სამი თამაში აქვს ნათამაშები. პირველი თამაში ქუთაისში ჰქონდათ და დამარცხდნენ რუსთავის გუნდთან, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო სამი წლის გამარჯვებულია. მეორე ტურში გაიმარჯვეს არმიის კოლექტივთან, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს ნაკრების სამი წევრით. მესამე თამაშიც მოიგეს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან. მეოთხე თამაში კი გუნდს 27 ნოემბერს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან.

ახლა გუნდი „ქუთაისი-2010“ თბილისში იმყოფება და, როგორც კლუბის დირექტორმა გვითხრა, სერიოზულად ემზადება გამარჯვების მოსაპოვებლად.

ასე რომ, ქუთაისის დიდი საკალათბურთო ტრადიცია ნელ-ნელა იწყებს აღორძინებას.

 

მაკა გასაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია