დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიზებული რაგბი
2010/03/29 12:40:59

ევროპის ერთა თასზე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩი, რომელიც 20 მარტს ტრაპიზონში გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 36:8 დასრულდა, მიმდინარე წლის სპორტული ამბების ყველაზე მთავარ მოვლენად იქცა.

 

ტრაპიზონში საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირების სანახავად გულშემატკივართა ნაწილი 19 მარტს თბილისიდან თავისუფლების  მოედნიდან გაემგზავრა, ნაწილი - ქუთაისიდან, ბათუმიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან. თავში ყველას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „აუცილებლად უნდა მოვიგოთ!“

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას ტრაპიზონის გარეუბანში მდებარე სტადიონი, რომელიც სულ 6000 გულშემატკივარს იტევდა, საგანგებოდ ამ მატჩისათვის დროშებითა და სხვადასხვა სარაგბო ატრიბუტიკით მობილიზებული - 5000 ქართველით იყო გადავსებული. შეხვედრას სტადიონის ტრიბუნიდან რაგბის ქომაგებთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიადევნეს თვალი.

თამაშის სანახავად ქუთაისიდან ტრაპიზონში ჩასული ერთ-ერთი გულშემატკივარი, გიორგი მაღლაფერიძე იხსენებს:

„ტრაპიზონი ტიპური თურქული ქალაქია, მოლების ხმამაღალი შეძახილებით, ძველი და ახალი არქიტექტურის სინთეზით და ბევრი, ძალიან ბევრი მაღაზიით. ადგილობრივები ადვილად გვცნობდნენ და მაშინვე საქართველო-რუსეთის მატჩზე გვეკითხებოდნენ. აბსოლუტურად ყველა ქართველთა მხარდაჭერას გამოხატავდა.

საინტერესოა, რომ  მატჩის შესახებაც ყველა საქმის კურსში იყო. შემთხვევით, ქალაქის ქუჩებში სეირნობისას ერთ-ერთ გაზეთზე საქართველოს ნაკრების ფოტო  დავინახეთ საკმაოდ მოზრდილი მასალით. როგორც ჩანს, ადგილობრივი პრესა ქართულ-რუსულ სარაგბო დაპირისპირებას დიდ ადგილს უთმობდა.
გაზეთი მეორე გვერდზე ამოვაბრუნეთ და შოთა არველაძეზე დაბეჭდილი მასალა დაგვხვდა. სამწუხაროდ, შინაარსს ვერ მივხვდით, თუმცა თავად ფაქტი იყო საინტერესო.“

„პირველი ლელო რომ დაგვიდეს, მთელი სტადიონი გაშრა, - იხსენებს მეორე გულშემატკივარი, დავით კლდიაშვილი, - თუმცა, იმ დღეს  საქართველოს ნაკრების შეჩერება უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. ბიჭები საოცარი მონდომებით, თავგანწირულები თამაშობდნენ. რუსეთის ნაკრები, უბრალოდ, უშანსოდ იყო.“

საბოლოოდ, თამაში გამანადგურებელი შედეგით - 36:8 დასრულდა. თამაშის შემდეგ, ქართველთა მორკინალმა გოდერძი შველიძემ თქვა: „რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ პოლიტიკა ამ მატჩთან კავშირში არაა, სინამდვილეში ასეა და რა ვქნათ! თამაშს სწორედაც რომ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ, გულშემატკივარს კი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. გამარჯვების მოპოვებაში ძალიან დაგვეხმარნენ.“

თამაშს რომ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც განაცხადეს. გავრცელდა ხმა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო და გამარჯვებულიც წინასწარ ჰყავდათ გამოვლენილი. ზოგმა დაიჯერა, თუმცა რაგბის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი ცილისწამება იყო.

„რა სისულელეა, 16 წელია, ჩვენთვის რუსებს არ მოუგიათ და ახლა რაში დაგვჭირდებოდა ჩაწყობა,“ - გაღიზიანებას ვერ მალავს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირიც გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ბოლო დღეებში, ქართულ მედიაში, სამწუხაროდ, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ტრაპიზონში გამართულ მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნაკრები თითქოსდა მეორე - შესუსტებული შემადგენლობით იყო ჩამოსული და მსოფლიო ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის შედეგსა და ხარისხს მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.

თხოვნით მივმართავთ ყველას - ნუ გააკეთებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილ განცხადებებს: რუსეთის ნაკრებს აკლდა ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ სამი მოთამაშე: მეორე ხაზის მოთამაშეები კირილ კულემინი და ანდრეი ოსტრიკოვი, ასევე უკანა ხაზის მოთამაშე ალექსანდრ გვოზდოვსკი.

შედარებისთვის: საქართველოს ნაკრებში ტრავმების გამო ვერ ითამაშეს გუნდის ლიდერებმა - ავქსენტი გიორგაძემ, მამუკა გორგოძემ და ბიძინა სამხარაძემ. მოედანზე გამოსულ ქართველ მორაგბეებს შორისაც მატჩის დროს ბევრმა მიიღო სერიოზული ტრავმა, მაგრამ ამის მიუხედავად თამაში არ შეუწყვეტია.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების მოტივაციას, ამ თამაშს, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ყველა მატჩს, დამატებითი სტიმული არ სჭირდებოდა: რუსეთის ნაკრებს 16 წელია არ მოუგია საქართველოს ნაკრებისთვის, ჩვენი მორაგბეების გამარჯვების ჟინზე კი საუბარიც ზედმეტია“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 28 ქულით სძლია და ამით მეტოქესთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 8 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო, „ერთა თასის“ ორწლიანი ციკლის ჯამში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც „ბორჯღალოსნებს“ არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და რეპეშაჟში გამარჯვებული გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია