დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ცირეკიძე სპორტში პატრიარქის და პაატა ბურჭულაძის ხათრით დარჩა
2010/02/08 13:52:47

პეკინის 2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ირაკლი ცირეკიძემ, ცოტა ხნის წინ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ უკვე გადაიფიქრა. ეს გადაწ-ყვეტილება მას რამდენიმე პატივსაცემმა პიროვნებამ შეაცვლევინა. მაგრამ რას მოიტანს სხვების ხათრით სპორტში დარჩენა, ეს მომავლის საქმეა.

- რატომ გადაწყვიტეთ სპორტიდან წასვლა?

- ყველაფერს აქვს დასასრული, მე ვიფიქრე, რადგანაც ყველაფერი მიღწეულია: მსოფლიო ჩემპიონობა, ოლიმპიური ჩემპიონიც გავხდი, მოტივაცია აღარ მექნებოდა. ვარჯიშს განწყობა უნდა. ადრე განსაკუთრებით ვგრძნობდი ჟინს. დღეს ეს ჟინი აღარ მაქვს. არადა, შეჯიბრებებზე, მეორე ან მესამე ადგილზე რომ გავიდე, არ იქნება ჩემთვის მისაღები.

- ამ გადაწყვეტილებაზე ძიუდოს ფედერაციაში უთანხმოებამ ხომ არ იქონია გავლენა?

- არა, ფედერაციის საქმე, ფედერაციის საქმეა, ჩვენ კიდევ ჩვენი საქმე გვაქვს. ჩემთვის ფედერაციის პრობლემები იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენი ოჯახია, ჩვენ, სპორტსმენები, კი ამ ოჯახის წევრები ვართ.

- დღეს გადაწყვეტილება უკვე შეცვალეთ. ვინ დაგეხმარათ აზრის შეცვლაში?

- ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მათ შორის - პაატა ბურჭულაძემაც, გერმანიაში იყო, მთხოვა, „იავნანას“ კონცერტზე როცა ჩამოვიდოდა, შევხვედროდი. შევხვდი და ბევრ რამეზე მელაპარაკა. პატრიარქთანაც მქონდა შეხვედრა და ვეღარ ამოვიღე ხმა. თუ დავრჩი, მაჩანჩალა არ ვიქნები, მე თავს არ დავზოგავ, ვივარჯიშებ, მაგრამ რა იქნება, ამას წინასწარ ვერ შეგპირდებით. რამდენჯერმე ვიყავი შეკრებაზე, მაგრამ, ვიმეორებ, ძველებურ ჟინს ვეღარ ვგრძნობ.

- არ გინდათ, თქვენი ტიტულები გამრავალფეროვნდეს, რამდენიმე გზის მსოფლიო, ან თუნდაც, ოლიმპიური ჩემპიონი გახდეთ?

- კი, მიფიქრია, მაგრამ არა მგონია, აწი ისეთი სიხარული განვიცადო, რაც პირველად მივიღე.

- ალბათ, ბიზნესი გართმევთ ძალიან ბევრ დროს და ვარჯიშზე ორიენტირებას ვეღარ ახერხებთ...

- მაინცდამაინც დიდ დროს არ მართმევს ბიზნესი. ისეთი ადამიანები მყავს, კარგად რომ უძღვებიან ჩემს საქმეებს. ბიზნესი ნამდვილად არ არის ჩემთვის ისეთი მომხიბვლელი, როგორც სპორტი, ჭიდაობაა.

- სპორტიდან წასვლის შემდეგ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?

- ისე ვერ ვიცხოვრებდი, მაინც იმ ბიჭებთან ერთად ვიქნებოდი, ერთად ვიზრდებოდით. ისე მიყვარს ეს საქმე, ალბათ, მაინც სპორტში ვიქნებოდი.

- პეკინის ოლიმპიადის შემდეგ თუ შეიცვალა ირაკლი ცირეკიძე?

- მე ვფიქრობ, რომ არ შევცვლილვარ, თუმცა, ეს მაინც სხვებს უნდა ჰკითხოთ.

- ოჯახში შეიცვალა თქვენს მიმართ დამოკიდებულება?

- მეგონა, ოლიმპიური ჩემპიონი როცა გავხდებოდი, ცოტა დაწყნარდებოდნენ, განსაკუთრებით - დედაჩემი. ის ძალიან მომთხოვნია, სულ ამბობს, რომ დასვენება არ შეიძლება, აქტიური უნდა ვიყო. ახლაც, როცა ჭიდაობისთვის თავის დანებების გადაწყვეტილება მივიღე, მას ძალიან უარყოფითად შეხვდა. თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ ამ გადაწყვეტილებას შევცვლიდი.

- ჩემპიონობამ პოპულარობაც მოგიტანათ...

- კი, ხალხი მხვდება და მცნობენ. ბევრჯერ უკეთესია, შენთვის მარტო იყო, წყნარად. მითუმეტეს - ქუთაისში, უცებ ვრცელდება ხმა, გამიგონია, უთქვამთ - გაბლატავდა, ფული იშოვა და ვარჯიში ეზარებაო. არადა, ვერც ფულის შოვნით და ვერც ბიზნესის კეთებით ვერ მიიღებ ისეთ სიამოვნებას, როგორც სპორტისგან.

- ალბათ, მილიონჯერ გკითხეს, მაგრამ მე მაინც გკითხავთ იმ ემოციების შესახებ, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადის მოგების დროს გქონდათ.

- მთავარი იყო, მომეგო, იმას ვერ გადმოგცემთ, რაც განვიცადე, ეს უნდა გამოსცადო. იმედია, 2012-შიც მექნება მოსაყოლი.

- მომავალში თუ აპირებთ, თქვენი ბიზნესით ძიუდოს დაუდგეთ მხარში?

- ვნახოთ, რა როგორ იქნება, როგორ განვითარდება. არაფერია გამორიცხული, პირველ რიგში იმათ დავეხმარები, სადაც ვარ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია