დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წვიჯბების შვილობილი
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2012/12/12 14:47:20

პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ

 

რამდენ ქართველს ნახავთ, ვისაც აფხაზურად ლაპარაკი შეუძლია? თეიმურაზ გვანცელაძე სწორედ იშვიათ გამონაკლისთაგანია. მეტიც, იგი არამარტო თავისუფლად ფლობს აფხაზურ და აბაზურ ენებს, საფუძვლიანად იკვლევს და ამ მიმართულებით 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის - 20 წიგნი. 

აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძეს ვთხოვეთ, თავისი პროფესიული გადასახედიდან გაეხსენებინა და გაენალიზებინა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, საკუთარი მოსაზრება გაეზიარებინა ამ ურთიერთობათა მომავალზე.

 


ჩემს არჩევანს ქეთევან ლომთათიძის არაჩვეულებრივმა ლექციებმა შეუწყო ხელი...

უნდა დავიწყო იმით, რომ, ჩემდა სამარცხვინოდ, სკოლის დამთავრებამდე ბევრი არაფერი ვიცოდი აფხაზი ხალხის, მისი ენისა და კულტურის შესახებ. არც აფხაზეთში ვიყავი ნამყოფი. როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, ჟურნალისტობა მინდოდა (მაშინ ჟურნალისტიკის განყოფილება თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე იყო), მაგრამ ამ სპეციალობაზე საბუთებს არ იღებდნენ, თუ ორი წლის მუშაობის სტაჟი არ გექნებოდა. სტაჟი არ მქონდა. რაკი სხვა გზა არ იყო, მე კი უმაღლესი განათლების მიღება მსურდა, საბუთები შევიტანე იმავე ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილებაზე (ენებისადმი ინტერესი მანამდეც მქონდა).

საბედნიეროდ, ამ შემთხვევით-იძულებითმა არჩევანმა გაამართლა და დღეს რომ ისევ ვირჩევდე სპეციალობას, დაუფიქრებლად ჩავაბარებდი კავკასიური ენების სპეციალობაზე. არაჩვეულებრივი ლექტორები მასწავლიდნენ, კავკასიოლოგიის ცოცხალი კლასიკოსები და განუმეორებელი პიროვნებები: აკად. არნოლდ ჩიქობავა, აკად. ქეთევან ლომთათიძე, მისი მეუღლე, პროფ. გიორგი როგავა, პროფ. ილია ცერცვაძე, პროფ. ევგენი ჯეირანიშვილი, პროფ. ალექსანდრე მაჰომეტოვი, დოც. ეკატერინე ოსიძე და სხვანი, რომლებიც გვასწავლიდნენ არა მარტო კავკასიურ ენებს, არამედ - ქართველთა მონათესავე ხალხების სიყვარულსაც.

ბედნიერება იყო, რომ იქვე სწავლობდნენ ჩვენი აფხაზი, ჩერქეზი, ჩეჩენი, ინგუში და დაღესტნელი თანატოლებიც, რომლებთანაც მეგობრობა გვაკავშირებდა და ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება.

იმ დროს ჩვენს ცხრილში ყოვლად გაუგებარ იდეოლოგიურ საგნებთან ერთად შედიოდა კონკრეტული ენების სალექციო კურსებიც: სულ 12 ენის კურსი მოვისმინეთ, თუმცა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი აფხაზურმა ენამ გამოიწვია, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ მეტად საინტერესო ენაა.

არჩევანს ხელი შეუწყო ჩემი დიდი მასწავლებლის, აფხაზური ენის უდიდესი მკვლევრის, აკად. ქეთევან ლომთათიძის არაჩვეულებრივმა ლექციებმა. მას შეეძლო ურთულესი ლინგვისტური პრობლემების სტუდენტებისათვის ძალიან გასაგებად მიწოდება. ამიტომაც იყო, რომ თითქმის ყველა ქართველი სტუდენტი, ვისაც ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება სურდა, აფხაზური ენის შესწავლას გეგმავდა, მაგრამ ქალბატონი ქეთევანი მკაცრად არჩევდა ასპირანტებს. ჩემდა საბედნიეროდ, მან უკვე მეორე კურსზე გამომარჩია, დამიბარა და მითხრა, თუ ისურვებ აფხაზური ენის მიმართულებით დასპეციალებას, მე თანახმა ვიქნებიო.

ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იყო და სიხარულით დავთანხმდი.

 

მორდუ სივარნას ოჯახი

პირველად აფხაზეთში სტუდენტობისას მოვხვდი და თითქმის ერთი თვე ვიცხოვრე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს მკვიდრის, აწ განსვენებული სივარნა წვიჯბას ოჯახში.

არასოდეს დამავიწყდება ის სითბო, სიყვარული და მშობლის მიერ გამოვლენილი ზრუნვის ტოლფასი ყურადღება მათთვის მანამდე სრულიად უცნობი ქართველი ბიჭის მიმართ, რაც მე მაშინ სივარნასა და მისი მეუღლის ბაბუსიას მხრიდან ვიგრძენი.

მე ამ ოჯახთან კონტაქტი დღემდე არ გამიწყვეტია. სივარნა და ბაბუსია ჩემს მამობილ-დედობილად (მორდუებად), ხოლო მათი შვილები - ძიძიშვილებად მიმაჩნია. სხვათა შორის, ყოველ ჩასვლაზე ჩემი მორდუ სივარნა მკაცრად აფრთხილებდა ცოლ-შვილსაც და მეზობლებსაც, თემურს რუსულად არ დაელაპარაკოთ, მაგას ჩვენი ენის შესწავლა სურს და ხელი უნდა შევუწყოთო. ასე რომ, აფხაზურ ენაზე რომ მალე ავლაპარაკდი, ეს ჩემი მორდუების დამსახურებაცაა.

ჩემი მორდუ სივარნა წვიჯბა 2009 წელს გარდაცვლილა. მე ამის შესახებ ძალიან გვიან გავიგე - მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა აღდგენილი კონტაქტი მის ოჯახთან (ესეც სათქმელია, დროზეც რომ გამეგო, გასაგები მიზეზების გამო, აფხაზეთში დაკრძალვაზე, ალბათ, ვერ ჩავიდოდი). რამდენიმე თვის მერე, ჩემი სოხუმელი ახლობლის დახმარებით, გავიგე ჩემი ძიძიშვილების მობილური ტელეფონის ნომერი და დავრეკე ჭლოუში. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ გაეხარდათ ჩემი ხმის გაგონება და აფხაზურად დალაპარაკება: „კიდევ გახსოვს ჩვენი ენა?“ - მკითხა ძიძიშვილმა. რა თქმა უნდა-მეთქი, მივუგე.
მითხრეს, - მამა გარდაიცვალა, გვინდოდა შენთვის შეტყობინება, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ გვეცნობებინაო.

გავიდა დრო და ჩემმა სოხუმელმა ახლობელმა, ვინც ჩემიანები მაპოვნინა, მაცნობა, სოხუმში შენი ძიძიშვილი შემხვდა და საინტერესო ამბავი მიამბო, ეს შენც უნდა იცოდეო.
თურმე ჩემი ზარის შემდეგ, ერთი ნათესავის დაკრძალვის დროს, სასაფლაოზე გასული სივარნას მეუღლე, ბაბუსია, დამხობილა მეუღლის სამარესთან და ჩაუძახია: უნდა გაგახარო, ჩვენი ბიჭი, შენ რომ გენატრებოდა, გამოჩნდაო. ბაბუსიას შვილებს გაკვირვებიათ, ვის გულისხმობს დედაჩვენიო და უკითხავთ, რას ამბობ, ადამიანო, ვინ ბიჭზე ლაპარაკობო. ბაბუსიას უთქვამს, რით ვერ მიხვდით, ჩვენი ბიჭი თემურ გვანცელაძეა, ახლახან ხომ დაგვირეკა და მეც ეს ვუთხარი ქმარსო.

 

აფხაზურ სოფლებში

უკლებლივ ყველა აფხაზურ სოფელში ვარ ნამყოფი და თითოეულ მათგანში მინიმუმ თითო თვე მიცხოვრია. მასპინძლებში მუდამ მიმართლებდა: ყველა მათგანი არაჩვეულებრივად სტუმართმოყვარე, თბილი და ყურადღებიანი იყო. მათი ეს სითბო და პატივისცემა მუდამ მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება.

არ შემიძლია, არ გავიხსენო აფხაზური სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულება პირადად ჩემს მიმართ და იმ საქმის მიმართაც, რასაც მე ვაკეთებდი.

თავიდანვე ჩემი ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევანი მირჩევდა, ხანგრძლივად მეცხოვრა უბრალო აფხაზურ ოჯახებში. ჩაიწერე გლეხობის მეტყველება, ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები, ანდაზები, ისწავლე სიმღერები, დააკვირდი ცეკვას, ტრადიციებსა და ადათ-წესებსო, - მარიგებდა იგი. თან მასწავლიდა ქცევის აფხაზურ ნორმებს. მეც მისი დარიგების მიხედვით ვიქცეოდი და ამან ბევრი რამ შემძინა.

როგორც კი რომელიმე აფხაზურ სოფელში ჩავიდოდი, მაშინდელი წესის მიხედვით. მივლინების დასამოწმებლად და მასპინძლის შესარჩევად ვცხადდებოდი სოფლის გამგეობაში. სოფელში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ამბავი, ქართველი ჩამოვიდა აფხაზური ენის შესასწავლადო. უცებ მოიყრიდა თავს ხალხი, მეცნობოდნენ, მეკითხებოდნენ სამსახურისა და სწავლის შესახებ, ამოწმებდნენ ჩემს აფხაზურ მეტყველებას. მაგრამ იყო ერთი სავალდებულო კითხვა, რომელსაც ყველა სოფელში მისვამდნენ: იცნობ თუ არა ქეთევან ლომთათიძეს? როცა ვეუბნებოდი, რომ ქალბატონ ქეთევანის მოწაფე ვარ, საოცრად უხაროდათ და უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავდნენ ქართველი მეცნიერის მიმართ - მან ჩვენზე კარგად იცის ჩვენი ენის ისტორია და აფხაზ ახალგაზრდებს სპეციალისტებად გვიზრდისო.

სხვათა შორის, შარშან შესრულდა ქალბატონ ქეთევანის დაბადების 100 წლისთავი. როგორც მაცნობეს ჩემმა სოხუმელმა მეგობრებმა, ქართველი მეცნიერის აფხაზ მოწაფეებს ქართულიდან აფხაზურ ენაზე უთარგმნიათ და წიგნად გამოუციათ ქ. ლომთათიძის აფხაზოლოგიური ნაშრომების ერთი ნაწილი და ამით გამოუხატავთ მადლიერება ძვირფასი მასწავლებლის მიმართ.

აფხაზ გლეხებთან ურთიერთობა მეტად სასიამოვნო იყო. ისინი არ თამაშობდნენ და გულწრფელად გამოხატავდნენ მადლიერებას იმის გამო, რომ ქართველი კაცი მათ დედაენას სწავლობდა. არ იცოდნენ, როგორ ესიამოვნებინათ და პატივი ეცათ. დიდი და პატარა - ყველა მცნობდა. სკოლებში მასწავლებლებს ვთხოვდი, მოეცათ აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დასწრების უფლება და ისინიც სიხარულით მთანხმდებოდნენ, თან ჩემს ვიზიტს იყენებდნენ დიდაქტიკურ მასალად: აი, ბავშვებო, ხომ ხედავთ, ქართველი კაცი სწავლობს ჩვენს ენას და თქვენც კარგად უნდა ისწავლოთ, რომ დედაენა არ დაგვეკარგოსო.

ერთხელ სამეცნიერო მივლინებით ჩავედი გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში, სადაც მანამდე ნამყოფი არ ვიყავი და არავის ვიცნობდი. მაშინდელი წესის მიხედვით, სამივლინებო ფურცელი უნდა დამემოწმებინა სასოფლო საბჭოს გამგეობაში და მასპინძელი მეშოვა. გამოვცხადდი საბჭოში და ვიკითხე საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა და ბეჭედი დაესვა სამივლინებო ფურცელზე. მასპინძლის საკითხიც მასთან უნდა გამერკვია. აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარე გუდაუთაში წასულა და, დაახლოებით, ერთ საათში დაბრუნდებოდა. რას ვიზამდი, გამოვედი გარეთ და სოფლის ცენტრის თვალიერებას შევუდექი, თუმცა ბევრი არაფერი იყო სანახავი, გარდა იმისა, რომ ამ ზღვისპირა სოფელში ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა ყველა მხარეს. იქვე ბიბლიოთეკაც დავინახე და შევედი, გაზეთებს მაინც წავიკითხავ-მეთქი. ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთი შუახნის ქალბატონი დამხვდა, - როგორც მერე გაირკვა, ამ ბიბლიოთეკის გამგე (მის გვარ-სახელს გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებ).
აფხაზური წესი მოითხოვს, რომ, თუ ზიხარ და ვინმე მოგიახლოვდა, გნებავს, 100 წლის მოხუცი იყოს, გნებავს, ორი წლის ბავშვი, მაშინვე ფეხზე უნდა წამოუდგე და მიესალმო. დამხვდურმა ქალბატონმა ეს წესი დაიცვა, ფეხზე ადგომით მომესალმა და აფხაზურად მკითხა, რით შემიძლია დახმარებაო. მეც აფხაზურად ვუპასუხე, ახალი გაზეთები თუ გაქვთ, ცოტა ხნით ჩამოვჯდები და წავიკითხავ-მეთქი. მან დაჯდომა შემომთავაზა და გაზეთებიც მომიტანა. დავჯექი და გაზეთების თვალიერება დავიწყე.
ცოტა ხნის მერე ქალმა მკითხა, სტუმარი ბრძანდებით და, თუ საიდუმლო არ არის, რა საქმეზე ხართ მობრძანებულიო. მე ვუთხარი, აფხაზურ ენას ვსწავლობ, თქვენს სოფელში ერთ თვეს უნდა ვიცხოვრო და ენობრივი მასალა ჩავიწერო სამეცნიერო მიზნით-მეთქი.

უნდა გენახათ იმ ქალბატონის სიხარული, როცა გაიგო, რომ მე, ქართველი კაცი, მის ენას ვსწავლობდი და ამ ენაზე საუბარიც შემეძლო. უცებ დაფაცურდა, საიდანღაც ხილი, ტკბილეული და ჭაჭის არაყი მოარბენინა - მიხარია, ასეთ ძვირფას სტუმარს ჩვენს სოფელში პირველი მე რომ ვმასპინძლობო.
კარგახანს ვისხედით და ვსაუბრობდით, საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდა. ბოლოს მორიდებით მითხრა, რადგან აქ ერთ თვეს რჩებით, თან კითხვაც გიყვართ, თუ არ გეწყინებათ, ჩემი ბიბლიოთეკის აბონენტად გაგაფორმებთ და თუ თქვენთვის საინტერესო წიგნები აღმოგვაჩნდება, გათხოვებთო.

მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემმა მასპინძელმა მკითხველის ცარიელი ფორმა (აპლიკაცია) აიღო და ცოტახნის ფიქრის მერე მითხრა:

- მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ქართულ ენასაც გვასწავლიდნენ. შესანიშნავი ქართველი მასწავლებელი მყავდა და იმან შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა. ახლა ისე მიხარია, ქართველი კაცი რომ ჩემს დედაენას სწავლობს, პატივისცემის ნიშნად თქვენს ფორმას ქართულად შევავსებ. ამას იმიტომაც ვაკეთებ, რომ დიდი ხანია, ქართულად არაფერი დამიწერია და მომენატრა ამ ენაზე წერაო.

საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, მეც ძალიან ნასიამოვნები ვიყავი ამ ქალბატონის გულთბილობით და ქართული ენის სიყვარულით. ვუყურებდი, როგორ წერდა ჩემს დედაენაზე აფხაზი ქალი, რა სიყვარულით და მონდომებით გამოჰყავდა მსხვილ-მსხვილი ქართული ასოები, თან კითხვებსაც ქართულად მისვამდა. ვგრძნობდი, რომ ისიც ნასიამოვნები იყო და ალალად მექცეოდა.

ასე სასიამოვნო განცდებით დავიწყე მუშაობა სოფელ მგუძირხვაში. იმ ქალბატონს მერეც ყოველდღე ვხვდებოდი და მიხაროდა, რომ სიკეთე არ იკარგება. არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა, მაგრამ მწამს, რომ მას ქართველები და ქართული ენა ისევ ისე ეყვარება, როგორც ამ 30 წლის წინ.

ჩემი ოცნებაა, მალე დადგეს ის დღე, როცა შემეძლება სოფელ მგუძირხვაში ჩასვლა, იმ ქალბატონის, ან მისი ოჯახის წევრთა მონახულება და ბიბლიოთეკის კარტოთეკაში ჩემი აპლიკაციისთვის თვალის შევლება.
ამბობენ, თუ ძალიან მოინდომებ, ყველა ოცნების ახდენა შეიძლებაო.
მე ძალიან მინდა ამ ოცნების ახდენა...

 

„აფსუარა მიძააიტ!“

იმ დროს, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, აფხაზთა დიდი ნაწილი თვალნათლივ ხედავდა, რომ მიმდინარეობდა აფხაზთა ინტენსიური გარუსება, რაც უკვე საგრძნობი იყო არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ აფხაზურ სუფრებზე თამადების დიდი ნაწილი ამბობდა ერთ სავალდებულო სადღეგრძელოს, რომელიც მთავრდებოდა ფრაზით: „აფსუარა მიძააიტ!“ („დაე, ნუ დაიკარგება აფხაზობა!“). სადღეგრძელო საქმეს რეალურად ვერ შველოდა, მაგრამ აფრთხილებდა ეთნოსის ბედზე მოფიქრალ ადამიანებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ.

სამწუხაროდ, მაშინდელ პირობებში ქართველებსაც ჩვენი გაჭირვება გვქონდა და ბევრს ვერაფერს ვშველოდით აფხაზ მოძმეებს, თუმც ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ რაღაცის შეცვლა შეგვეძლო და არ გავაკეთეთ ის „რაღაც“, რათა არ მომხდარიყო უბედურება, რაც მერე მოხდა.

ერთ კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ.

ჩემი ნაცნობი აფხაზი ინტელიგენტები საყვედურს გამოთქვამდნენ, რუსეთის ყველა ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი ტელევიზია და ჩვენ რატომ არ გვაქვსო. მართლაც, 70-იანი წლების მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკებში გაიხსნა სატელევიზიო არხები, აფხაზეთსა და აჭარაში კი არ იყო. ბოლოს, 1978 წელს, გადაწყდა, რომ შექმნილიყო აფხაზეთის ტელევიზიაც, რაც მალე სისრულეში მოიყვანეს, მაგრამ ამ ფაქტს მახინჯი ფორმა მიეცა: ტელეგადაცემების უდიდესი ნაწილი რუსულ ენაზე გადაიცემოდა, ქართულად საერთოდ არაფერს გადასცემდნენ, ხოლო აფხაზურ გადაცემებს მხოლოდ ერთი საათი ეთმობოდა. გარდა ამისა, აფხაზური ტელეარხი დასვეს იმ სიხშირეზე, რომელიც ეკავა თბილისის ტელევიზიას. ეს იმას იწვევდა, რომ როცა აფხაზეთის ტელევიზია იწყებდა მუშაობას, აფხაზეთელ ქართველებს არ ჰქონდათ საშუალება, დედაქალაქიდან დედაენაზე მიეღოთ ინფორმაცია (თუნდაც - იდეოლოგიზებული!). ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება სავსებით კანონიერი იყო.

მე ჩემი ჭაბუკური გამოუცდელობით შევეცადე საქმის „გამოსწორებას“: დავწერე წერილი და გავგზავნე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში. მალე მიმიწვიეს კომიტეტში, პრესისა და ტელევიზიის სექტორში, სადაც დამხვდა ბატონი დემურ იოსელიანი, რომელმაც მოიარებით მიმახვედრა, ეს საკითხი აქ კი არა, მოსკოვში წყდება და ჩვენ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერაფერს შევცვლითო.

მაშინ დავრწმუნდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ჯერ აფხაზეთის ტელევიზიის გახსნის გაჭიანურება, მერე კი აფხაზეთის ტელევიზიის დასმა საქართველოს ტელევიზიის სიხშირეზე სწორედაც მოსკოვის მითითებით ხდებოდა.
ამ გზით იმართებოდა კონფლიქტური სიტუაცია: ჯერ აფხაზებს ეჩვენებოდათ, რომ ქართველები უკრძალავდნენ ტელევიზიის შექმნას, მერე კი ქართველებს გაუჩინეს უკმაყოფილება, აფხაზები არ გვაძლევენ ქართული ტელეგადაცემების მიღების საშუალებასო. ასეთი მაგალითების მოყვანა ბევრისა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როგორც აფხაზების, ისე ქართველების დიდი ნაწილი წამოგებული იყო პროვოკაციას და მტრებად ერთმანეთს აღიქვამდნენ, რეალური მტერი კი თავის მიზანს აღწევდა და ახლაც აღწევს.

 

აფხაზური ენის მეცნიერული  კვლევა

აფხაზური ენის მეცნიერულ კვლევას მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და ამ საქმეში დიდი წვლილი მუძღვით ქართველ მეცნიერებს: პეტრე ჭარაიას, ნიკო მარს, სიმონ ჯანაშიას, ქეთევან ლომთათიძეს, მირიან ციკოლიას (როგორც პოეტი, წერდა მირიან მირნელის ფსევდონიმით) და სხვებს.

ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია, ისევე იცოდეს მოძმე კავკასიელ ხალხთა ენების თავგადასავალი და ამ ხალხთა ისტორია, როგორც ქართული ენისა და საქართველოს ისტორია. ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე მას განზრახული ჰქონდა, უნივერსიტეტში შემოეღო აფხაზური ენის სალექციო კურსი და ამ მიზნით სურდა პეტრე ჭარაიას მოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელი მოულოდნელად გარდაიცვალა და საქმე შეფერხდა.

მხოლოდ 1924 წელს შეძლო დიდმა ივანემ აფხაზური ენის ლექტორად აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას მოწვევა. დიმიტრი ამ საქმეს ორ წელიწადს უძღვებოდა, რის შემდგომაც, 1937 წლამდე თსუ-ში აფხაზური ენის სალექციო კურსს სიმონ ჯანაშია კითხულობდა. 1937 წლიდან ეს საქმე გადაიბარა ქეთევან ლომთათიძემ, რომელიც პარალელურად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და იქაც ხელმძღვანელობდა ასპირანტთა მომზადებას აფხაზური ენის სპეციალობით.

სხვათა შორის, ქალბატონ ქეთევანს თსუ-ს კავკასიურ ენათა განყოფილებაზე აღზრდილი ჰყავს 70-მდე აფხაზი სტუდენტი, რომლებიც შემდგომში ცნობილი ლინგვისტები, ლიტერატორები, ფოლკლორისტები, ჟურნალისტები და მასწავლებლები გახდნენ.

საყურადღებოა, რომ აფხაზური ენის სწავლება თსუ-ში არ შეწყვეტილა აფხაზეთის ომის დროსაც კი.

2000 წლიდან აფხაზური ენის სალექციო კურსი იკითხება დევნილობაში მყოფ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უკვე 4 წელია მოქმედებს აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (პროგრამის ხელძღვანელი მე გახლავართ). ამ პროგრამაზე ჩარიცხვა შეუძლია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს. პროგრამის ფარგლებში იკითხება ისეთი კურსები, როგორიცაა: აფხაზური ენა (6 სემესტრი), აფხაზური ფოლკლორი, აფხაზური ლიტერატურის ისტორია, აფხაზი ხალხის ეთნოლოგია, აფხაზურ-ქართული ლინგვოკულტურული კონტაქტები, ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობები და სხვა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე 2008 წლიდან არსებობს აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიც, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში დამსახურებულად მოიპოვა ავტორიტეტი არა მარტო საქართველოში (მათ შორის აფხაზეთშიც), არამედ - მის ფარგლებს გარეთაც. ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა აფხაზოლოგიის მიმართულებით. დავასახელებ ზოგ სამუშაოს:
ქართველური ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად გამოიცა 3 ტომი სამეცნიერო კრებულისა „ლინგვისტური ქართველოლოგიისა და აფხაზოლოგიის პრობლემები“; იბეჭდება როგორც მოქმედ, ისე აწ უკვე გარდაცვლილ ქართველ აფხაზოლოგთა გამოკვლევები აფხაზური ენისა და კულტურის შესახებ;
2011 წელს გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებით დამუშავდა საგრანტო პროექტი „აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობის კვლევა. I“. პროექტის ფარგლებში აჭარაში მოეწყო ორი სამეცნიერო-სასწავლო ექსპედიცია, რომელშიც გამოცდილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მკვლევრები თამარ გითოლენდია და სოფიკო ჭაავა, აგრეთვე აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები; ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ექსპედიციების დროს მოპოვებული მასალების საფუძველზე დაწერილი გამოკვლევა აჭარაში  მცხოვრე, აფხაზთა ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის შესახებ;
ინსტიტუტს აქვს ბლოგი (abkhazology. wordpress.com) და ფეისბუკის გვერდი (აფხაზოლოგია abhazologia), რომლებზეც სისტემატურად შუქდება აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის მიმდინარე საქმიანობა, ქვეყნდება როგორც აფხაზოლოგიის კლასიკოსთა, ისე ამჟამინდელ მკვლევართა ნაშრომები, ფოტო-აუდიო- და ვიდეომასალები აფხაზეთის ისტორიის, აფხაზური ენისა და აფხაზური კულტურის, აფხაზთა ტრადიციების შესახებ და ა.შ.
აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის თანამშრომლებს ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, მაგრამ მათი განხორციელება ჭირს ფინანსური პრობლემების გამო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი, სამწუხაროდ, არ იძლევა შესაძლებლობას, სრულყოფილად დაფინანსდეს კვლევითი პროექტები, საქართველოში მოქმედი ფონდების დიდ ნაწილში კი საგრანტო პროექტების განხილვა-დაფინანსების მანკიერი პრაქტიკაა გაბატონებული, ხოლო ფულიანმა ხალხმა ვერ შეიგნო, რომ მეცნიერებისა და კულტურის სპონსორობა საუკეთესო რეკლამა იქნებოდა მათთვის.

იმედია, ახალი ხელისუფლება მაინც მიხედავს მეცნიერებას და გამოძებნის სახსრებს აფხაზოლოგიის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულების, სრულყოფილად დაფინანსებისათვის.

 

როგორ წარმომიდგენია ქართულ-აფხაზური ურთიერთობანი მომავალში

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ადრინდელ დონემდე აღდგენას, ალბათ, საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდება. აქ თავს შევიკავებ პოლიტიკური პრობლემების განხილვისაგან, ვისაუბრებ მხოლოდ სხვა ასპექტებზე. მანამდე კი ერთ გარემოებას აღვნიშნავდი: ბოლო დროს ჩვენში ნაკლები ყურადღება ეთმობა აფხაზეთის პრობლემის ანალიზსა და გაშუქებას, ყველანი არჩევნების შედეგებს ვიხილავთ, ან „ვიხილავთ“.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა აღდგენის საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ვერ გადაწყდება, აუცილებელია ორივე მხარის ფართო საზოგადოების ჩართვაც ამ პრობლემის მოგვარებაში.

ჩემთვის ცნობილია, რომ დროდადრო ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ფენების წარმომადგენელი აფხაზები და ქართველები: ყოფილი მებრძოლები, შვილდაკარგული მშობლები, მოგვარეები, უხუცესები, მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები, სტუდენტები და სხვანი. სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრ აფხაზსა და ქართველს აქვთ ყოველდღიური კონტაქტები და ნამდვილი მეგობრობაც კი. პირადად მე „ფეისბუკის“ მეშვეობით დავამყარე ურთიერთობა 200-მდე აფხაზთან, რომლებსაც სხვადასხვა ინფორმაცია აინტერესებთ ჩვენგან, მეც ვაწვდი მათ საინტერესო ინფორმაციას და ისინიც მიზიარებენ საჭირო მასალებს.

მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტურია უშუალო ფიზიკური ურთიერთობანი. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, შეხვდეს მეორე მხარის წარმომადგენლებს, დამყარდეს საქმიანი და კოლეგიალური კონტაქტები, ამოქმედდეს ერთობლივი პროექტები და ა.შ. ამ მხრივ თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ მეცნიერებსაც. ცოტა ხნის წინ ერთმა აფხაზმა მეცნიერმა შემოგვთავაზა, გავცვალოთ ბოლო 20 წლის მანძილზე სოხუმსა და თბილისში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში გამოცემული სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, რასაც ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა, რა გზით მოხერხდება ეს.

მთავარია, რომ ორივე მხარეს არის კონტაქტების აღდგენის მოთხოვნილება. თუ ღვთის ნება იქნება და ორივე მხარე ერთნაირად მოვინდომებთ, შედეგი უეჭველად თვალსაჩინო გახდება.

 

ჟურნალისტისაგან:

ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი ამასწინათ სოციალურ ქსელში წერდა: „1991 წლის 21 მაისს, ადიღე-ჩერქეზების ტრაგედიის დღეს, ნალჩიკის ფეხბურთის სტადიონზე საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ჩერქეზთა ენაზე სიტყვა უთხრა ადგილობრივებს და კინაღამ დაინგრა სტადიონი ოვაციებისაგან... მათი რესპუბლიკის მესვეურმა და სხვებმა, მშობლიურის უცოდინრობის გამო, რუსულად მიმართეს ხალხს, ქართველმა კი - მათ ენაზე.“

 

სწორედ ბატონმა ბიმურზამ მიამბო: „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ გვანცელაძე 1991 წელს იყო აგრეთვე პრეზიდენტის რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მასთან ერთად, პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით, ვმუშაობდით კავკასიური სახლის პრობლემებზე, სადაც მისი წვლილი დიდი იყო...“

სულ მცირე და ლოგიკურ დასკვნას გავაკეთებ: ასეთ ძვირფას ადამიანურ რესურსს, ასეთ ავტორიტეტულ, გამოცდილ კადრს, მის მიერ შექმნილ ორგანიზაციას სახელმწიფო ყოველნაირად უნდა უფრთხილდებოდეს და მაქსიმალურად იყენებდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მოწესრიგების ძნელ გზაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია