დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წითელი კვერცხების პატარა ისტორიები
2012/04/09 10:59:26

წითელი არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთანავე, ბოლშევიკებმა ქართველი ხალხის და მისი რწმენის განადგურებას მიჰყვეს ხელი. ისინი სხვა შეზღუდვებთან ერთად კრძალავდნენ რელიგიურ რიტუალებსაც, მაგალითად: ბავშვის მონათვლას, ჯვრისწერას და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს აკრძალვები საგრძნობლად შემსუბუქდა.

უფროს თაობას კარგად ახსოვს, აღდგომის შემდეგ როგორ ამოწმებდნენ სკოლაში ბავშვებს, რომელიმე მათგანს წითელი საღებავის კვალი ეტყობოდა თუ არა ხელზე. დღეს სხვა დროა და სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. არც იმის გვეშინია, წითელი საღებავი არ მოეცხოს ბავშვს ხელზე და არც იმის, რომ ვინმე დაგვაშინებს რწმენის გამო. უფროსი თაობა იხსენებს იმ რთულ პერიოდს...

თინათინ ქაროსანიძე, 75 წლის: „ჩემი შვილები პატარები როცა იყვნენ, პრობლემა გვექმნებოდა იმის, რომ წითელ კვერცხს ვერ იჭერდნენ ხელში, უფრო სწორად, ჩვენ ვუკრძალავდით, რადგან სკოლაში შემდეგ ამოწმებდნენ, აქედან კი თვითონ მშობლებს გვექმნებოდა პრობლემები.“

თემურ მაისურაძე, 49 წლის: „მე კარგად მახსოვს სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები. იმის მიუხედავად, რომ სკოლაში გვიკრძალავდნენ სასაფლაოზე გასვლას და საფლავზე სააღდგომო კვერცხის გადაგორებას (საერთოდაც, ხელში არ უნდა დაგვეკავებინა), ჩვენ მაინც ვაჭახუნებდით,  ეს ერთგვარ ბედნიერებას გვანიჭებდა. მერე კი დედაჩემი კარგად გაგვიხეხავდა ხელებს რომ მეორე დღეს სკოლაში კვალი არ დაგვმჩნეოდა. ამ გადასახედიდან მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი.“

ნათელა მიქაძე, 55 წლის (ყოფილი ბუღალტერი): „მახსოვს, აღდგომა მოდიოდა, მასწავლებელი შემოვიდა და ბავშვებს გვითხრა, რომ, ნააღდგომევს, სკოლაში რომ დავბრუნდებოდით, ხელები წითელი არ უნდა გვქონოდა, თორემ დავისჯებოდით. როცა სკოლაში დავბრუნდით, ჩემს ერთ-ერთ კლასელს აღმოაჩნდა საღებავის წითელი კვალი ხელზე, მაშინ გავიგეთ რომ თურმე მამამისი მღვდელი ყოფილა. ჩვენი კლასიც ამიტომ ჰყოლია დირექციას განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მასწავლებელმა იმ საცოდავს ერთი-ორჯერ დაარტყა ხელებზე რუკის ჯოხი.“

ეს იყო ადრე. იმ დროს, როცა კომუნისტური იდეოლოგია მოსახლეობას რწმენას და შინაგანი თავისუფლების შეგრძნებას უკარგავდა.

საინტერესოა, როგორი სუფრით ხვდებოდნენ ადრე და როგორ ხვდებიან აღდგომას დღეს?

ლამარა კუჭავა, 79 წლის: „ადრე, ბებო, ჩემს შვილებს არაფერი არ აკლდათ, აღდგომას გოჭიც კი გვყავდა და ქათმებზე აღარ მაქ ლაპარაკი, იმნაირ სუფრას ვშლიდით, მთელი სამეზობლო მოდიოდა ჩვენთან და ვლოცავდით ამ დიდებულ დღესასწაულს. მარა, მაშინ იმნაირი დრო იყო, ჩუმათ აღვნიშნავდით. ახლა ერთი ქათამი თუ იყიდა ჩემმა შვილმა, ან გაყინული ბარკლები, კაია. ჩემმა მტერმა არ გეითენა აღდგომა, ვსესხულობთ ფულს და ისე ვაკეთებთ ცოტ-ცოტას რაღაცეებს.“

ნელი თოხაძე, 60 წლის: „მე და ჩემი მეზობლები საბითუმო მაღაზიაში ვიყავით და 20-თეთრიანი კვერცხი ვიყიდეთ. ცოტა ჩამოტკეჩილია და ოდნავ გაბზარული, მაგრამ, სამაგიეროდ, იაფად ვიშოვეთ. სააღდგომოდ კიდევ უფრო გაძვირდება კვერცხი, 50 თეთრი მაინც იქნება. ახლა მომარაგებული მაქვს იაფად ნაშოვი კვერცხი და მიხარია. 20 ცალის ყიდვა შევძელი.“

ლამარა კემულარია, 43 წლის:  „ჩემი მეზობელი აცხობს პასკებს შეადრებით იაფად და ორ ცალს მაინც გამოვართმევ ნისიად. უფრო პატარას სასაფლაოზე წავიღებ.“

რატი კუხალაშვილი, 13 წლის: „აუ, მაგრად მიყვარს წითელი კვერცხების დაჭახუნება, მაგრამ დედაჩემი ბევრ კვერცხს არ ხარშავს და მხოლოდ სამ-სამ ცალს გვირიგებს მე და ჩემს ძმას. მამაჩემს უყვარს აღდგომის კვერცხის ჭამა, მაგრამ, ცოტა რომ არის, მეუბნება: მიდი, ბიჭო, ბევრს დაუმტვრიე ეზოში და ამოიტანე. გავძღები მაინცო...“

თამარა, 68 წლის: „აღდგომას არაფერი არ მექნება, სამ კვერცხს კი ვინახავ და იმის შესაღებად მეზობელს გამოვართმევ საღებავის ნახარშს. ის კარგი ქალია, მე მგონია, აღდგომის მერე, წელსაც მომცემს რაღაცებს - ხაჭაპურს, ხორცს, კვერცხებს, ნამცხვრებს - ქვეყნის რაღაცები რჩებათ შეუჭმელი და ხომ არ გადაყრიან!“

საზოგადოების ორი ფენა ყოველთვის არსებობდა - გაჭირვებულთა გვერდით სირთულეს არ წარმოადგენს შეძლებული ადამიანის მოძებნა. ამისთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა, ბაზარში გაგვევლო და უამრავი ჩანთით, და საყიდლებით ხელდამშვენებული ადამიანი გვენახა.

დავითი, 37 წლის (გვარის გამხელა არ ისურვა): „აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებით ვხვდებით, ვცდილობ მეც და მამაჩემიც, ამ დღეს, ისევე როგორც ახალ წელს, ყველაფერი შევიძინოთ, რაც საჭიროა: გოჭი, ინდაური - საცივისთვის, სულგუნი, პასკები და კიდევ ბევრი რამ... მამაჩემს ტრადიციად აქვს, თიკანი აუცილებლად უნდა შეაწვევინოს. ამ წუთში სააღდგომო საყიდლებზე არ ვარ (იცინის), ჯერ ადრეა, დღეს, უბრალოდ, საჭმელი რომ მივიტანო სახლში, იმიტომ შემოვიარე ბაზარში.“

რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიც დადგება, ზოგი მას რამდენიმე კვერცხით, პასკით და ერთი ქათამით შეხვდება, ზოგი კი, სულ მცირე, შემწვარი გოჭით და ინდაურით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია