დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეს იყო 28 წლის წინათ...
2009/12/21 12:15:03

ამ ბრინჯაოს დედას 7 ათასზე მეტი შინმოუსვლელი შვილი ჰყავს. სწორედ ამდენი ქუთაისელი დაეცა მამაცთა სიკვდილით დიდი სამამულო ომის ველზე. გმირთა შთამომავლების მადლიერი ხსოვნის გამოხატულება გახდა ქუთაისში 5 ნოემბერს გახსნილი დიდების მემორიალი.

თითქმის 50-მეტრიანი სიმაღლის საზეიმო თაღი ზეცას აღმართულა. ქალის ბრინჯაოს ფიგურის წინ, რომელმაც გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე, თითქოს მის დასაცავად, იმათ გასაფრთხილებლად, ვინც ხელყოფს მშვიდობას, დგას ცხენზე ამხედრებული ჭაბუკის ქანდაკება გაშიშვლებული მახვილით. კომპოზიციას აგვირგვინებს ბრძენი მოხუცის ფიგურა, მოხუცისა, რომელსაც მხარზე შეუსვამს ნათელი მომავლის სიმბოლო - სიცოცხლით სავსე ჩვილი.

ყოველი კვირის შუადღეს თაღქვეშ ჩამოკიდებული შვიდი ზარი ახმიანდება და პატივს სცემს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

- მთავარი აზრი, რომელიც დიდების მემორიალში ჩავაქსოვე, - თქვა მისმა ავტორმა, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა, - სიკეთის აღმშენებლობითი ძალაა. მთავარი ფიგურა - ქალის ფიგურა დღენიადაგ უნდა მოგვიწოდებდეს კეთილგონიერებისა და სიკეთისათვის, გვახსენებდეს, თუ რა ფასად მოვიპოვეთ მშვიდობიანი ზეცა.

დიდების მემორიალის მშენებლობა თითოეული ქუთაისელის ღირსების საქმე გახდა - თითქმის მთელი ქალაქი მონაწილეობდა ამ არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობაში.

5 ნოემბრის შუადღეა. ვრცელ მოედანს ეფინება ზარების რეკვა. მიწყნარდნენ ადამიანები, სახე გაუმკაცრდათ. ქუთაისში, ისევე როგორც მთელ ჩვენს ქვეყანაში, არ არის ოჯახი, რომელსაც ფრონტზე არ დაეკარგოს ნათესავები თუ ახლობლები. ყველას გულში ხვდება ზარების რეკვა.

იწყება საზეიმო მიტინგი, რომელშიც მონაწილეობს 50 ათასზე მეტი კაცი.

ორატორებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის დიდების მემორიალი იმათი უჭკნობი ხსოვნის სიმბოლოა, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს თავისუფლებას.

ზეცას აიჭრა თეთრი მტრედების გუნდი. ერთ-ერთი მათგანი მხარზე დააჯდა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს.  დაიწყო თეატრალიზებული წარმოდგენა. ქორეოგრაფიულმა კომპოზიციამ სიმბოლურად გამოხატა ადამიანების მისწრაფება მშვიდობისადმი, მათი გმირობა სამშობლოს საკეთილდღეო შრომაში.

6 ნოემბერი, 1981 წ.

გაზეთი „ქუთაისი“(ფრაგმენტი საქინფორმის წერილიდან).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია