დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბურატინო“ და „ვისოლი“ დამეზობლდნენ...
2011/03/14 13:01:05

თუ დაფიქრებულხართ, რა დაწესებულება შეიძლება არსებობდეს ბენზინგასამართი სადგურის გვერდით, სადაც ტონობით საწვავია, 24 საათი მოძრაობენ მანქანები და 24 საათი დგას საწვავის სუნი, დღე და ღამე მანქანების გამონაბოლქვია.

ლოგიკური პასუხია: არანაირი დაწესებულება, სადაც შეიძლება ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იყოს... მაგრამ გრიშაშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური რომ გაიხსნა, იქ უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები და დაწესებულებებიც ფუნქციონირებდნენ.

კერძო საბავშვო ბაღის „ბურატინოს“ არსებობა  საწვავით სავსე ავზების  გვერდით რამდენად მისაღებია, თავად განსაჯეთ. ბაღი დაახლოებით ორი თვეა, რაც ფუნქციონირებს. იქ 20 ბავშვი, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმყოფება. რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნია ასეთ ადგილზე საბავშვო ბაღის არსებობა  სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის „არგუსის“ ხელმძღვანელს მანანა მანაგაძეს?

- „ასეთი ტიპის ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა კომპაქტურად დასახლებულ ადგილზე მიუღებელია, მაგალითად, გორის ქუჩაზე რომ აკეთებდნენ, მოსახლეობამ კი გამოხატა რაღაც პროტესტი, მაგრამ გააჩუმეს, რათა არ მიეღო სამოქალაქო გამოსვლების სახე, დააშინეს. ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდის ნიშანია. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის გასწვრივ, გრიშაშვილის ქუჩაზე ახლად გახსნილ, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს, იმ ადგილზე არც საჭიროება იყო მისი მოწყობისა, არც აუცილებლობა. როდესაც ასეთი ტიპის ნაგებობა შენდება, იქ გარკვეული პარამეტრები უნდა იყოს დაცული, მოსახლეობასთან საკმაო მანძილით უნდა იყოს დაშორებული, მით უმეტეს, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის, რომ აფეთქებები ხშირად ხდება. რაც შეეხება ბაღის არსებობას ბენზინგასამართი სადგურის გვერდით, აბსოლუტურად მიუღებელია! ძალიან მაინტერესებს თავად მშობლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ ტერიტორიაზე  ძალიან დიდია რისკის ფაქტორი. საინტერესოა, რამდენად სწორად არის დაცული რეზერვუარებში ყველაფერი,  ბუნებრივი კატაკლიზმები რომ მოხდეს, ეს შეიძლება ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როდესაც ბენზინგასამართი სადგურის გვერდით საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მე კერძო დაწესებულებების მიმართ არაფერი  საწინააღმდეგო არ მაქვს, რაც უფრო ბევრი ლამაზი შენობა იქნება, ეს კარგია, მაგრამ პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ბავშვის უპირველესი უფლება, - მისი უსაფრთხო ცხოვრება. ამ შემთხვევაში, პირადად მე ვთვლი, და საზოგადოების უმეტესობაც, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვებმა ნორმალურ გარემოში ისწავლონ და აღიზარდონ. ასეთი სახის საკითხები პრიორიტეტული უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც, ფრთხილი უნდა იყოს მიდგომა ამ საკითხების მიმართ, უნდა გამოინახოს ალტერნატიული შენობა ამ ბაღისათვის და გადაყვანილი იყვნენ  ბავშვები. საკმაოდ სერიოზული პრობლების წინაშე ვდგავართ.

საინტერესოა, პირველად რომელი გაიხსნა? თუკი, ჯერ ბაღი გაიხსნა და შემდეგ „ვისოლი“, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადადის ბენზინგასამართ სადგურზე, რადგან თავიდანვე თუ  იცოდნენ, არსებობდა ასეთი ტიპის დაწესებულება, ალტერნატიული ფართი უნდა შეეთავაზებინათ, უნდა მომხდარიყო რაღაცნაირად ამ საკითხის დარეგულირება. თუკი ჯერ გაიხსნა „ვისოლი“ და ამის შემდეგ - ბაღი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გადადის მეორე მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის თუ არა დაცული ტექნიკური უსაფრთხოება, მაინც არ არის გარანტია იმისა, რომ იქ არაფერი შეიძლება მოხდეს. ასეთი ტიპის საკითხები ვისაც ევალება, ვინც ჩვენგან, ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას, იმისათვის, რომ გამართულად იყოს ეს სისტემა და დაცული იყოს ბავშვის უფლებები, იმ ადამიანებმა უნდა მიაქციონ პირველ რიგში ყურადღება. მართალია, ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბაღს ეხება, მაგრამ რადგან ამ სისტემაში ბევრი რეფორმა გატარდა, კერძო ბაღები არ უნდა ამოვარდეს ერთიანი სისტემიდან, რადგან ისინიც ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ნებისმიერ ბავშვზე არის სახელმწიფო  პასუხისმგებელი“.

 

***

თავად კერძო საბავშვო ბაღის „ბურატინოს“ დირექტორს ეკატერინე ამბროლაძეს და მის თანამშრომლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი მოსაზრება აქვთ:

- სანამ „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური გაიხსნებოდა, თქვენი ბაღი თუ ფუნქციონირებდა? 

- თითქმის ერთდროულად დავიწყეთ რემონტი, ჩვენ არ ვიცოდით, გვერდით რა შენდებოდა.

- თქვენი აზრით, რამდენად უსაფრთხოა საბავშვო ბაღის არსებობა ბენზინგასამართი სადგურის გვერდით? 

-უსაფრთხოა. ბაღი ბაღია, აქ, ამ ქუჩაზე, სახლებია, ოჯახებიც ცხოვრობენ... ბავშვები არ ეზრდებათ? ოჯახები იგივე რადიუსით და დიამეტრით ცხოვრობენ აქ, როგორც ჩვენ ვართ. თუ არ თვლიდა საჭიროდ მთავრობა, საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო. „თიბისი“ ბანკში რა, ნაკლები ხალხი მუშაობს? ჩვენ  ვფიქრობთ, რომ ყველა ბენზინგასამართი სადგური უსაფრთხოდ შენდება. თორემ მოსახდენი ყველგან შეიძლება მოხდეს, გავთვალეთ ეს ყველაფერი და შიში არ გვქონია. სადაც ადრე  ვიყავით, ტაბიძის ქუჩაზე, იქიდან აქ გადმოვედით და ყველა ბავშვი  გადმოგვყვა.

- ერთი სიტყვით იცოდით, რომ აქ იხსნებოდა ბენზინგასამართი სადგური?

- კი, ვიცოდით, თუმცა არც აბრა ყოფილა და არც რამე. ვინც არის ამ ფართის მეპატრონე, გოჩა ჩაკვეტაძე, მას აქვს ბენზინგასამართ სადგურებთან შეხება. ხომ შეეძლო, რომ მას  ეთქვა, აქ რა შენდებოდა და უარს ვეტყოდით ქირაობაზე, თუმცა, რახან მოსახლეობაში იხსნებოდა ბენზინგასამართი სადგური, ჩვენც არ ჩავთვალეთ საშიშად.“- აი, ასე განაცხადეს საბავშვო ბაღში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია