დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოქმების ნაცვლად, განცხადებები...
2010/07/26 12:45:28

მათხოჯის თემში  5 სოფელი შედის: მათხოჯი, სუხჩა, ლეფილიე, დიდღვაბუნა და ხიდი. თემში სულ 815 კომლია. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების განსახორციელებლად მათხოჯის თემს 44 000 ლარი გამოეყო. როგორც მათხოჯის თემის რწმუნებული, შალვა ხვინგია ამბობს, პრიორიტეტების შერჩევაში თავად მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა, საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ პრიორიტეტებს შეარჩევდა, არ ყოფილა შექმნილი. შესაბამისად, არ არსებობს მოსახლეობასთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერები. თემში არც სოფლის საბჭო მოუწვევიათ, სადაც სოფლის ყველა მოსახლეს აზრის გამოთქმის საშუალება ექნებოდა.

„მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს სოფლის ყველა უბანში შევხვდით. მათთან ერთად ვიმსჯელეთ, რა უნდოდათ, რომ გაგვეკეთებინა. ზოგმა გზების მოხრეშვა გვითხრა, ზოგმა - განათება, მაგრამ პრიორიტეტი იმის მიხედვით შევარჩიეთ, რაზეც მოსახლეობა თითქმის ყოველდღე წუხდა. თუმცა, დღეს სოფელში არიან ადამიანები, რომლებიც ამ გაკეთებულითაც უკმაყოფილონი არიან,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში მათხოჯის თემის რწმუნებული შალვა ხვინგია.

მათხოჯის თემისთვის გამოყოფილი 44 000 ლარი თემში შემავალ 4 სოფელზე გადანაწილდა. სოფელ ლეფილიეში 2 470 ლარი შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდა. ანალოგიური სამუშაო შესრულდა სოფელ სუხჩეში, სადაც 7 335 ლარი დაიხარჯა. სოფელ ხიდში ახალგაზრდების მოთხოვნით სპორტული მოედანი მოეწყო, რომლისთვისაც 5 298 ლარი დაიხარჯა. სოფელ მათხოჯში კი სამი სხვადასხვა პრიორიტეტი შეირჩა. მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით სასაფლაო შეიღობა და კეთილმოეწყო. სამუშაოები თავად მოსახლეობამ შეასრულა, რომლისთვისაც 12 875 ლარი დაიხარჯა. ღობე რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გაკეთდა. მათხოჯის რამდენიმე უბანზე გზებზე მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. ამ საქმიანობისთვის 44 000 ლარიდან 2 470 ლარი გამოიყო. მოსახლეობამ ცენტრალური გზის გარე განათებაც პრიორიტეტად მიიჩნია, რომელიც ხონი-მარტვილის დამაკავშირებელი გზაა. ამ საქმიანობისთვის 14 382 ლარი დაიხარჯა.

მათხოჯის თემში მცხოვრები ელგუჯა ბ. ამბობს: „ეს გზა ერთი წლის წინ გაკეთდა და ასფალტი დაიგო. გზა ხონს მარტვილის რაიონთან აკავშირებს და მანქანები დიდი სისწრაფით  მოძრაობენ. მას შემდეგ, რაც ეს გზა გაკეთდა, ავარიებმა იმატა, განსაკუთრებით - ღამის საათებში. ისედაც, შვილო, არ შეიძლება, რომ ცენტრალური გზა ჩაბნელებული იყოს. მით უფრო, რომ ეს გზა ცოტა ვიწროცაა და მიხვეულ-მოხვეულია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ განათების სისტემა მოგვეწესრიგებინა ამ გზაზე. ამის წინააღმდეგი მართლა არავინ არ ყოფილა.“

გარე განათება 1კმ 300მეტრ სიგრძეზე გაკეთდა, რომლის სამუშაოებზეც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. გარე განათების ქსელში ადმინისტრაციული შენობაც ჩაირთო, სადაც წლების მანძილზე დენი არ იყო.

რაც შეეხება სასაფლაოს, გარდა რკინა-ბეტონის ღობისა, ორი შესასვლელი ჭიშკარი გაკეთდა, რომლებიც სიძველისგან ჩამოვარდნილი იყო. ასევე, შესასვლელში დაიგო ქვაფენილი. მოუწესრიგებელი იყო სასაფლაომდე მისასვლელი გზაც, რომელიც მოიხრეშა.

ამ სამუშაოებზეც თავად მათხოჯის მოსახლეობა მუშაობდა.

გიორგი დ.-ს აზრით, „წვიმა რომ იყო, მიცვალებული სასაფლაომდე ვერ მიგვყავდა, ისეთი წყლები იდგა. ჩვენს უბანში რომ მოვიდა ჩვენი გამგებელი და  გვკითხა, რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ ამ ფულითო, ყველამ სასაფლაოს გზის შეკეთება უთხრა. მე, შვილო, მოხუცებული კაცი ვარ, ამ სასაფლაოზეა ჩემი წინაპრები დასაფლავებული და გული მტკიოდა, საქონელი რომ ჩადიოდა. ეს სასაფლაო მანამდე უნდა გენახათ, რა დღეში იყო, ღობე ამას არ ჰქონდა და ჭიშკარი. აგერ, ამ სოფლის ახალგაზრდებმა თავდაუზოგავად იმუშავეს და კიდევაც შემოიღობა და მართლაც კარგი საქმე გაკეთდა.“

ლამარა მ.-ს მიაჩნია, რომ: „გზების შეკეთება და მოხრეშვა თუნდაც იმიტომაა კარგი, რომ აქ ჩვენს სოფელში ერთი ტაძარი და ერთი დედათა მონასტერია, ამის გამო, აქ ბევრი მომლოცველი მოდის. წვიმიან ამინდში მონასტრამდე მანქანებით ასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ეხლა მეტ-ნაკლებად გზა გაკეთდა და ეს ჩვენთვისაც კარგია.“

რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, როგორც  შალვა ხვინგია ამბობს:

„სასაფლაომდე მისასვლელი გზა ნაწილობრივ შეკეთდა, კონკრეტულად ის ადგილები, სადაც ფაქტიურად გავლა არ შეიძლებოდა, ეგრეთ წოდებული ხრეში ჩავყარეთ. სუხჩეში კი ყველა პრობლემური გზა მოიხრეშა. გარდა ამისა, შევძელით, რომ ამ თანხით გზების პარალელურად, არხებიც გაგვეჭრა. რადგან სოფელი მათხოჯი მდინარე ცხენისწყლის პირასაა და ყოველი წვიმის შემდეგ მოსახლეობის ეზოები იტბორებოდა. ამიტომ, მარტო რომ მოგვეხრეშა, შესაძლო იყო, შედეგი სავალალო გვქონოდა და აუცილებლად მივიჩნიეთ არხების გაკეთებაც. ამით, ვფიქრობ, პრობლება ნაწილობრივ მაინც მოგვარდა.“

რაც შეეხება სუხჩეში გზების მოხრეშვას, აქ 47 მანქანა ხრეში უნდა შესულიყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებით 50 მანქანა შევიდა. ამდენად, ამ სოფლის მოსახლეობას უგზოობის პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს.

ნათელა გ.-ს თქმით: „ყოველ ოთხშაბათს და კვირას ბაზარში მივდივარ, შვილო, ამ გზაზე გავლა შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, თუ წვიმდა. მართალია, აქ ბევრს არ უნდოდა ამ გზის გაკეთება, მაგრამ მაინც ეს გაკეთდა და ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ახლა რომ კარგი ამინდები დაიწყება, დამსვენებლებით ივსება სოფელი და ამ ხალხს, აქ მოსასვლელად კარგი გზა უნდა.“

„ამ უფულობის დროს, ამდენი თანხა სოფელში რომ დაიხარჯა, ეს ვფიქრობ, კარგია. სიმართლე გითხრათ, მოსახლეობამ რომ გაიგო 44000 ლარი უნდა დახარჯულიყო, ბევრი ეჭვი გაჩნდა მათი მხრიდან. ეგონათ, რომ ეს ფული მხოლოდ მათხოჯზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ ამ თანხის ნახევარი სოფელ ლეფილიეში, სუხჩეში და ხიდზე სხვადასხვა სამუშაოებისთვის იქნა მიმართული,“ - ამბობს შალვა ხვინგია.

მათხოჯის თემის რწმუნებული უახლოეს მომავალში გეგმავს ადმინისტრაციულ შენობაში ფოტო-გამოფენის მოწყობას, რომელზეც ასახული იქნება, თუ რა იყო გასაკეთებელი მანამდე და, რა - როგორ გაკეთდა. მისივე თქმით, ეს მისცემს მოსახლეობას საშუალებას, თავად ნახონ და დარწმუნდნენ იმაში, თუ რისთვის დაიხარჯა ეს ფული. გარდა ამისა, სოფლის გამგეობაში ინახება ის განცხადებები, რომლითაც მოსახლეობა კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა სოფლის რწმუნებულისგან პრიორიტეტების შერჩევაში. ეს განცხადებები კიდევ ერთხელ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული პრიორიტეტების შერჩევისას. ამდენად, მათხოჯის თემის რწმუნებული თვლის, რომ სოფლის პროგრამის განხორციელებაში მოსახლეობის აზრი 90%-ით იქნა გათვალისწინებული. თუმცა, მოთხოვნა მეტის გაკეთებისა იყო, მაგრამ ფინანსური საშუალება ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამდენად, მათხოჯის თემში სოფლის პროგრამის 2011 წლის პროექტს ელოდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია