დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამგეობის შერჩეული პრიორიტეტები ჭოგნარში
2010/07/26 12:42:50

„რომელი ნორმალური იტყოდა უარს სტადიონზე და ვინ აირჩევდა გამგეობის შენობას?“

 

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს თერჯოლის რაიონში 18 სოფელი დაფინანსდა. მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილმა თანხამ საერთო ჯამში 716 541 ლარი შეადგინა. თანხა ცალკეულ სოფლებზე გადანაწილდა. თერჯოლის გამგებლის მტკიცებით, მოსახლეობამ პრიორიტეტები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფლებში, თავად დასახა.

ჩვენ გადავამოწმეთ და სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

მეტი კონკრეტიკისთვის ერთი სოფელი ავიღეთ და „სოფლის დახმარების“ პროგრამის მიმდინარეობა იქ გადავამოწმეთ.

სოფელ ჭოგნარს, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში 26 718 ლარი გამოეყო. ჭოგნარისთვის გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: ელიავების უბანში მოსაცდელის მოწყობა - 1000 ლარი, ცქიფურიშვილების უბანში მოსაცდელის მოწყობა - 1000 ლარი, მდ. ეკლარაზე გადასასვლელი ხიდის  შეკეთება, მოაჯირების მოწყობა - 2449 ლარი,  საუბნო გზაზე ინერტული მასალის შეზიდვა და გაშლა - 5300 ლარი, საბავშვო ბაღის სახურავის შეკეთება და ინვენტარის შეძენა - 3065 ლარი, ცენტრალური სასაფლაოს შემოღობვა 280 გრძ/მ ეკლიანი მავთულით - 600 ლარი, „მეფის წყაროს“ შემოღობვა 20 გრძ/მ და კეთილმოწყობა - 400 ლარი, ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე შეკეთება და ინვენტარის შეძენა - 12 910 ლარი.

აღსანიშნავია, რომ   ადმინისტრაციული შენობის რემონტი 2009 წლის პროექტების ჩამონათვალშიც იყო. უბრალოდ, განსხვავებული სახელწოდებით „საკრებულოს შენობის კოსმეტიკური რემონტი“ და ამ კოსმეტიკისთვის 2500 ლარი დაიხარჯა - შენობაში ფანჯრები ჩასვეს. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, პროგრამიდან ერთი პროექტი - სოფლის ცენტრში არსებული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია - ამოაგდეს და მისთვის განკუთვნილი 1500 ლარი საკრებულოს შენობის რემონტს მოახმარეს.

- ვისი არჩევანი იყო გამგეობის შენობის რემონტი? - ამ კითხვაზე ჭოგნარის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს მტკიცე პასუხი აქვთ - ხალხის! თუმცა, ყველაფერი ისე არაა, როგორც ცდილობენ, წარმოაჩინონ.

„ყველა უბნიდან იყო თითო წარმომადგენელი კრებაზე, სულ დაახლოებით 30 კაცი და სწორედ მათ მიიღეს თანხის ხარჯვაზე გადაწყვეტილება, მათ გადაწყვიტეს, სად რა უნდა გაკეთებულიყო,“ - ამბობს ჭოგნარის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იამზე ტყეშელაშვილი.

ჩვენ სოფლის ცენტრში არსებულ თავშეყრის ადგილას დაახლოებით 15-მდე ჭოგნარელს გავესაუბრეთ. მათი თქმით, ერთადერთი ინფორმაცია, რაც ამ პროექტის შესახებ იციან, ისაა, რომ სოფელს რაღაც თანხა გამოუყვეს. სხვა დანარჩენი, მათთვის უცნობია.

„არანაირი კრება არ ყოფილა. არც ვინმე შეგვკითხვია: ა, ბატონო, ფული გვაქვს და რა გავაკეთოთო. ორი მოსაცდელი გააკეთეს, ერთი სოფლის თავში, მეორე - ბოლოში. არცერთის საჭიროება იყო და არც - მეორესი. გააკეთეს რაღაც მაგიდა და სოფლის თავშეყრის ადგილი დაარქვეს. ისეთ ადგილასაა, იქ ხალხი არ მიდის. სადაც გვჭირდებოდა, იქ არ გაგვიკეთეს. რასაც აქ უყურებთ, ეს ყველაფერი ჩვენი სახსრებითაა გაკეთებული,“ - ამბობს სოფელ ჭოგნარის მკვიდრი გია ბასილაძე.

მოსახლეობის თქმით, პრიორიტეტები გამგეობამ დასახა და არა - ხალხმა.

„რომელი ნორმალური იტყოდა უარს სტადიონზე და ვინ აირჩევდა გამგეობის შენობას? პირიქით, იმდენი ხანია, სტადიონის გაკეთება გვინდა. ეგ რომ გვცოდნოდა, მაგის მოწყობაზე ფული იყო გამოყოფილი, კარგი იყო,“ - ამბობს ჭოგნარის მკვიდრი თამაზ ბასილაძე.

კიდევ ერთი „გაკეთებული“ საქმე, რაც ცენტრალური გზიდან გადახვევის შემდეგ, სოფლისკენ წასულს თვალში გხვდება - ახლადდაგებული ასფალტია, რომელიც დაახლოებით სამას მეტრში მთავრდება. ოფიციალურად გზის დაგების შეჩერების მიზეზი ე.წ. „ბიტუმის“ არქონაა, არაოფიციალურ მიზეზებს კი სოფლის მაცხოვრებლები ასე ხსნიან: „გზის დაგება არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაიწყეს, სამ დღეში რაც მოასწრეს, კი უყურებთ, არჩევნების მეორე დღეს წაიღეს ტექნიკა და იმის შემდეგ თვალით არავის უნახავს,“ - ამბობს სოფელ ჭოგნარის მკვიდრი თამაზ ბასილაძე.

 

მანანა ქველიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია