დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მუშაობენ სამეურვეო საბჭოები ქუთაისის სკოლებში
2010/07/12 13:36:15

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სასკოლო სისტემის მართვის სწრაფ და რადიკალურ რეფორმირებას მისი დეცენტრალიზაციის გზით. სკოლებში დაფუძნდა სამეურვეო საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილი არიან, დანიშნონ და გაათავისუფლონ სკოლების დირექტორები და შეიმუშაონ სკოლის ბიუჯეტი. დაინერგა სასკოლო ვაუჩერის ახალი სისტემა, რომელიც მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს და სკოლა, თეორიულად მაინც, საკუთარი ბიუჯეტის მართვის უფლებას ანიჭებს. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ყოველ სკოლას უნდა ხელმძღვანელობდეს სამეურვეო საბჭო, რომელიც 6-12 წევრისგან შედგება. მასწავლებლები და მშობლები მასში თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი. საბჭოში ასევე უნდა შედიოდეს მოსწავლეთა ერთი წარმომადგენელი. ისევე, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოსაც აქვს უფლება, დანიშნოს საბჭოს ერთი წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა ხდება სამ წელიწადში ერთხელ, ერთსა და იმავე დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამეურვეო საბჭოები კურირებენ შიდა საკითხების სპექტრს, რაც მოიცავს სკოლის შინაგანაწესის დამტკიცებას და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებას. ასევე, საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც მოსწავლეთა თუ სკოლის თანამშრომელთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს სკოლის დირექტორი, დაამტკიცოს სკოლის წლიური ბიუჯეტი და თვალყური ადევნოს სკოლის ხარჯებს.

ქუთაისში რეალურად რამდენად არიან სამეურვეო საბჭოები სტრატეგიული გადაწყევტილების მიმღები მთავარი ორგანოები და რამდენად დამოუკიდებლად ახორციელებენ ისინი თავიანთ მუშაობას?

მართალია, ზოგიერთი სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა, თუმცა - მათთვის „საპატიო მიზეზით“ (?!) - ახლა მისაღები გამოცდებით არიან დაკავებულები. იმავე მიზეზით, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არც მათი საბჭოს თავმჯდომარეებს ეცალათ.

რეალურად, სკოლებში სამეურვეო საბჭოებს არანიაირ ფუნქცია არა აქვთ. რამდენიმეკაციან ჯგუფს რომ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მათ მიერ არჩეულ დირექტორს, ამ აზრის გათავისება უჭირთ. სკოლის დირექტორებიც, ძირითადად, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ, სკოლის ცხოვრებასა და განვითარებაში კი თითქმის საერთოდ არ არიან ჩართული მშობლები. სამეურვეო საბჭოებში მათაც, ისე, როგორც მოსწავლეებს, მხოლოდ ფორმალური ფუნქცია აქვთ.

არაოფიციალურად მშობლები და მოსწავლეები ამას აღიარებენ კიდეც: „მე რატომ უნდა შევეწინააღმდეგო საბჭოს სხვა წევრებს? მერე ჩემს შვილს ჩააჯინდებიან.“ იმავეს ამბობენ მოსწავლეები და კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი არც სახელი ვთქვათ და არც სკოლა დავასახელოთ. არადა, ის დირექტორები, ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა, აცხადებენ, რომ მათთან ყველაფერი რიგზეა...

37-ე საჯარო სკოლის დირექტორის მამუკა გიორგაძის თქმით, მის სკოლაში სამეურვეო საბჭო საკუთარ ფუნქციებს პირნათლად ასრულებს.

„მოგეხსენებათ, სამეურვეო საბჭო, ეს არის არჩევითი ორგანო, სადაც თანაბარი რაოდენობითაა მშობელი და მოსწავლე. ჩვენი სკოლის კონტიგენტიდან გამომდინარე, მშობელი და მასწავლებელი 6-6 არიან, ერთიც მოსწავლეა. რაც შეეხება მათ მოვალეობებს, თუ დებულების თანახმად, სამჯერ უნდა შეიკრიბონ, - ანუ ყოველი ტრიმესტრის დასაწყიში, ჩვენთან არის შემთხვევები, როცა სამჯერ კი არა, ექვსჯერ და რვაჯერაც ვხვდებით სხვადასხვა საკითხის გასარჩევად...“

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოდან წამოსულ ინიციატივებს, მამუკა გიორგაძის თქმით, მის სკოლაში დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს მუშაობა იმდენად ურთიერთთანამშრომლობაზეა დაფუძნებული, რომ ინიციატივებსაც ერთობლივად იმუშავებენ.

„სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს სკოლას დირექტორთან მიმართებაში - მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. სამეურვეო საბჭო, მე, პედაგოგიური საბჭო, თვითმმართველობაც - ერთად განვიხილავთ მთელ რიგ საკითხებს. ვცდილობთ, ჩვენთან ყველა რგოლმა თანაბარი მონაწილეობა მიიღოს მუშაობაში. ასე გამოკვეთილად არ გვაქვს ესა თუ ის საკითხი, ვისი ინიციატივა იყო წარმოდგენილი. ვცდილობთ, ფუნქციები კარგად მოვირგოთ და ერთიანი მუშაობა ძალიან კარგად გამოგვდის“.

სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქციაც - აკონტროლოს ბიუჯეტი, ბატონი მამუკას თქმით, აქ თავის სიმაღლეზე დგას.

„მე არ ვცდილობ მარტო შევადგინო ბიუჯეტი. ჯერ პრიორიტეტებს ვკრებ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისაგან, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რა სჭირდება სკოლას. ეს ყველაფერი რომ მოიკრიბება, მერე ვამუშავებ მე და დასამტკიცებლად სამეურვეო საბჭოს ვაძლევ“.

 

37-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სამი წლის მანძილზე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი - ლუიზა ქავთარაძე იყო. მისი თქმით, მშობლები სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში აქტიურად იყვნენ ჩართული. ამბობს, რომ დირექტორის მუშაობა აბსოლუტურად ნათელი და გამჭვირვალე იყო. ბიუჯეტის შედგენაც ყოველთვის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით ხდებოდა.

„ბიუჯეტი გამჭვირვალე და მისაღები იყო ყველასთვის. როცა ის საბოლოო სახეს მიიღებდა, სკოლის დერეფანში ვაკრავდით - რამდენი იყო, რაში უნდა დახარჯულიყო... ყოფილა შემთხვევა, გათბობისთვის რამდენიც იყო გამოყოფილი, იმდენი თანხა აღარ დაგვჭირდა და რაც მორჩა, ის კომპიუტერის ოთახის გასარემონტებლად გამოვიყენეთ. ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას ფორმალური სახე ნამდვილად არ ჰქონია“.

 

მე-7 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოც 12 წევრისგან შედგება: 6 მშობელი და 6 მასწავლებელი. შეკრებები აქაც დადგენილ რაოდენობაზე გაცილებით ხშირად ტარდება და ბიუჯეტსაც ერთად ადგენენ. გადაწყვეტილებებსაც ერთობლივად იღებენ, თუმცა სკოლის დირექტორის, ენდი ნემსიწვერიძის თქმით, საკუთარი ინიციატივით სამეურვეო საბჭო ხშირად გამოდის. იშვიათად, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა დირექტორის ინიციატივისათვის მხარი არ დაუჭერიათ.

„ბოლო სხდომაზე, მაგალითად სამეურვეო საბჭო გამოვიდა ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს თეატრალურ ფესტივალში მიეღოთ მონაწილეობა. შემდეგ ბავშვები ექსკურსიითაც დავაჯილდოვეთ...“

ზაზა ბობოხიძე უკვე ერთი წელია, რაც მე-7 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ დირექტორი და სამეურვეო საბჭო ერთობლივად მუშაობენ. სკოლის მართვაც ერთობლივი გადაწყვეტილებებით ხდება. სამეურვეო საბჭოც ინიციატივებით ხშირად გამოდის.

 

მე-10 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო 12 კაცისგან შედგება. აქაც ექვსი მშობელი და ექვსი მასწავლებელია. სკოლის დირექტორის ონისე ბოჭორიშვილის თქმით, მის სკოლაში შეკრებები ძირითადად გეგმის მიხედვით, ანუ თვეში სამჯერ ეწყობა: შემოდგომაზე - ანგარიშის ჩაბარება ხდება, თებერვლის დასაწყისში - ბიუჯეტის დამტკიცება, სექტემბერში კი - სასწავლო გეგმის შედგენა. მისივე თქმით, სამეურვეო საბჭო ინიციატივებითაც გამოდის, თუმცა, იშვიათად. ძირითადად, სამეურვეო საბჭო სკოლის წლიური ანგარიშით ინტერესდება. პრობლემებს კი უფრო ხშირად სათათბირო რეჟიმში წყვეტენ.

ქალთამზე მელქაძე მეორე წელია, რაც მე-10 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. ამბობს, რომ შეკრებები ძალიან ხშირად არა, ზუსტად იმდენჯერ ტარდება, რამდენჯერაც საჭიროა, ანუ გეგმის მიხედვით - თვეში სამჯერ. თუმცა, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს...

„შეიძლება ისეთი საკითხიც იყოს, რომელშიც სამეურვეო საბჭოს ჩარევა არ შეიძლება, მაგალითად, საშტატო განრიგში არ ვერევით. რაც შეეხება სკოლის ბიუჯეტს, მას დირექცია ადგენს და შემდეგ, შეკრების დროს ერთად განვიხილავთ“.

 

შეკითხვაზე: საჭიროა თუ არა სამეურვეო საბჭო სკოლაში? სკოლის დირექტორების აზრი ასეთია: 

მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე: „იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქალაქში და საქართველოშია, როცა შეუმდგარია სამოქალაქო საზოგადოება, სამეურვეო საბჭოს დიდი ფუნქციური ვალდებულება არ უნდა მივანიჭოთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ადრე გადაწყვეტილებებს მარტო დირექტორი იღებდა, ახლა სამეურვეო საბჭოს წინაშე წარადგენენ და სად - ერთი კაცი რომ მიიღებს გადაწყვეტილებას და სად - ჯერ 12 კაცის წინაშე რომ გააქვს? - აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს არსებობას აზრი აქვს“.

37-ე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა გიორგაძე: „თუ შეძლებს საზოგადოება, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, იგივე - მშობლებმა, არა იმიტომ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი სკოლაა - უფრო დიდ შედეგს მივიღებთ, ვიდრე ახლა გვაქვს. საჭირო შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭო, მაგრამ დახვეწას საჭიროებს“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია