PS („პოსტსკრიპტუმი“)
დამოუკიდებელი გაზეთი „P.S.” („პოსტსკრიპტუმი“) არის ერთ-ერთი წარმატებული დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი. დაარსდა 1995 წელს ქუთაისში. დღემდე მისი მთავარი რედაქტორია ნატო (გულიზა) გუბელაძე.
გაზეთი გამოდის ყოველ ორშაბათს.
გაზეთი არის პრესის რესპუბლიკური ფესტივალის „ოქროს კალმის“ ლაურეატი და საქართველოს საუკეთესო რეგიონული გაზეთის ტიტულის მფლობელი.
ყოველკვირეულად გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ ობიექტურად, მიუკერძოებლად აწვდის მკითხველს უმთავრესი საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოვლენების ანალიზს, სთავაზობს ოპერატიულ ინფორმაციას, ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, აღწერს კულტურის, განათლების, სპორტის, შოუბიზნესის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, წარმოაჩენს საინტერესო ადამიანებს. გაზეთი ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე დიზაინის სიახლეებს.
გაზეთ „P.S.”-ის („პოსტსკრიპტუმის“) რუბრიკები, თემები და დიზაინი წლების მანძილზე იცვლება და იხვეწება.
მკითხველის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს რუბრიკები: „ხალხი და ხელისუფლება“, „პოლიტიკა“, „ჩვენს გარშემო“, „ქუთაისიც ქალაქია...“, „სულიერება“, „ჩვენი ენა ქართული“, „რარიტეტები“, „ჩინოვნიკები უჰალსტუხოდ“, „აქცენტი“, „კულტურა“, „განათლება“, „ეკოლოგია“, „შოუბიზნესი“, „გოგონები და ბიჭები“, „სიტყვას ითხოვს მკითხველი“ და სხვ. ასევე სპეციალური გვერდები და ჩანართები, რომლებიც ეძღვნება გენდერულ და სოციალურ თემებს, ეკონომიკას, ტრეფიკინგს, არჩევნებს, დემოკრატიულ მშენებლობას, სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
მკითხველთან დასაახლოებლად რედაქცია სისტემატურად აწყობს შეხვედრებს, გამოკითხვებს, შემოქმედებით კონკურსებს, სახალისო ვიქტორინებს, საქველმოქმედო აქციებს.
გაზეთმა „P.S.”-მა („პოსტსკრიპტუმმა“), საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, არაერთი სერიოზული პროექტი განახორციელა რეგიონში.