დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ილია II: 3იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში!“
ილია II: 3იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში!“
სულ ნანახია 1628
ავტორი:

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოწოდებამ ემიგრანტებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოხმაურება გამოიწვია. საკუთარი ქვეყნიდან ოჯახის სარჩენად წასული ქართველების ნაწილმა პატრიარქის მოწოდება იმგვარად აღიქვა, რომ მათი დაბრუნება სამშობლოში უკვე აღარავის აწყობს. არადა, რამდენიმე წლის წინ თავად პატრიარქი მოუწოდებდა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. რა მოხდა რამდენიმე წელში, რამაც პატრიარქს აზრი შეაცვლევინა?!

 

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას ისახავდა მიზნად, თუმცა პირიქით კი გამოვიდა. პატრიარქის განცხადებამ უფრო მეტად ემოციური კომენტარები  გამოიწვია საზოგადოებაში, ვიდრე ემიგრანტების პრობლემებზე მსჯელობა. საზღვარგარეთ წასულმა ქართველებმა პატრიარქის მოწოდება არაერთგვაროვნად აღიქვეს.

„რამდენიმე წლის წინ, მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, ახლა მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის,“ - განაცხადა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე და საქართველოდან წასულ ემიგრანტებს მოუწოდა დაეხმარნონ სამშობლოს მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში.

„თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში და რომლებიც ჩვენი სულიერი კულტურის ცენტრები გახდა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ...

მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ“ - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქის ამ სიტყვებს სოციალურ ქსელებში საკმაოდ ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით, რეაქცია მოჰყვა ფრაზას - „იყავით იქ, სადაც ბრძანდებით...“ ზოგმა ეს პირდაპირ მოწოდებად აღიქვა, რომ სამშობლოში აღარ დაბრუნდნენ, ზოგიერთმა კი - პატრიარქის მიერ სახელმწიფოს უუნარობის აღიარებად.

„როდესაც პატრიარქი ამბობს, არ დაბრუნდეთო, ე.ი. დიდ საშიშროებას ხედავს და გვაფრთხილებს! ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვაზე საშიში, ერის, როგორც ეთნიკური ერთეულის განადგურებაა... ტერიტორიის გარეშე დარჩენილმა, მსოფლიოს ყველა კუთხეში გაფანტულმა ებრაელმა ხალხმა რწმენისა და ტრადიციების შენახვით, კვლავ შეძლო გაერთიანებულიყო და მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ქცეულიყო, ამიტომ გვაფრთხილებს ილია მეორე, უცხო მიწაზე საკუთარი ქვეყანა და ფესვები შეინახეთო და თუ არა, მტრის იდეოლოგიის გამტარებელ პარტიებად კი არ უნდა დავიყოთ, არამედ უნდა გავერთიანდეთ და ხელისუფლებაში საქვეყნო ხალხი მოვიყვანოთ, რა ამდენ გონიერ ადამიანში 150-200 ასეთი კაცი არ მოგვეძებნება?!” - წერს ქუთაისელი ლია გვენეტაძე სოციალურ ქსელ                „ფეისბუკში.“

„საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხემძღვანელებს და იმ ბატონებს, ვინც თვლის, რომ ჩვენ ლუკმა-პურისთვის ვართ აქ:

ბატონებო, ჩვენ არავის ვკითხავთ, არც არასოდეს შევეკითხებით და არც არავის დაძახილზე ჩასულა იბერები, კოლხები, სრულიად ქართველები სამშობლოში, ჩვენ როცა გვინდა, მაშინ დავბრუნდებით მამაპაპისეულ ჩვენს სამშობლოში. კიდევ, „ლუკმა-პურის საძებნადო“, თურმე ის 1 მლრდ 500 000 დოლარს, რომელსაც ღებულობთ საქართველოში, ლუკმა-პური ყოფილა. დევნილებო, მადლობასაც არ გვიხდიან, პრობლემებს რომ აგვარებენ ჩვენი გზავნილით,“ - წერს ვლადიმერ ხმელიძე,

პატრიარქის კრიტიკოსებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა და ემიგრანტების დაბრუნების ეკონომიკურ შედეგზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ, რომელიც წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. 

„დღეს რამდენჯერმე წავიკითხე, რომ ზოგიერთ პირს უკმაყოფილება გამოუთქვამს საქართველოს პატრიარქის რჩევაზე ემიგრანტების მიმართ, რომ დარჩნენ იმ ქვეყნებში, სადაც არიან და შეინარჩუნონ კავშირი თავის სამშობლოსთან.

წარმოუდგენიათ პატრიარქის „კრიტიკოსებს“, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა, მილიონნახევარი ქართველი ემიგრანტი მართლაც რომ დაბრუნდეს სამშობლოში? ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 11.8%-ია უმუშევრობის დონე (ანუ, დაახლოებით 400 ათასამდე პირია დაუსაქმებელი)...  წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც დღეს საქართველოში მცხოვრებ 400 ათას უმუშევარს, ემიგრაციიდან დაბრუნებული მილიონნახევარი ადამიანი რომ დაემატება,“ - წერს თემურ ბასილია და დასძენს, რომ 2012 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი თანხა – 6.9 მილიარდი აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში.

„ემიგრანტების ფინანსური გზავნილები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილები, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე იქნებოდა – მკვეთრად შემცირდებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისედაც მყიფე მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანა დადგებოდა ჰიპერინფლაციის საფრთხის წინაშე და ლარის გაუფასურებაც საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდებოდა“ - მიიჩნევს ბასილია.

ვის და რატომ არ უნდა ემიგრანტების დაბრუნება - თავისი ვერსია აქვს მხატვარ გულნარა წიკლაურს, რომელიც წლების წინ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა და ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

„პირველ რიგში -  ოჯახებს, შვილებს, რადგან ამით მათ მოაკლდებათ შემოსავალი, ვეღარ დაიკმაყოფილებენ მატერიალურ მოთხოვნებს... ვერ გადაიხდიან სწავლის, ქორწილების, დაბადების დღეების, რესტორნების, მანქანების და ბინების ყიდვის, ზაფხულში დასვენების, საყვარლების უზრუნველყოფის და ათას სხვა ხარჯს...

სახელმწიფოს - რადგან, ემიგრანტებისგან შემოდის მილიარდობით თანხა და მათ მიერ უზრუნველყოფილი ოჯახები სახელმწიფოს პროტესტს არაფერში უცხადებენ, პრეტენზიებს არ უყენებენ...

საპატრიარქოს - რადგან, ემიგრანტებმა შეიძინეს შენობები ეკლესიებისთვის და ინახავენ მათ...

ქართულ შოუ-ბიზნესს - რადგან ემიგრაციის მეშვეობით ატარებენ კონცერტებს საზღვარგარეთ და აკეთებენ ფულს... და კიდევ ბევრ ვინმეს...

და ამ დროს ამ ხორცმეტებს არ აღელვებთ, თუ რა დამცირების, მონური შრომის, ღირსების შელახვის ფასად უჯდება ემიგრანტს ფულის შოვნა...

თუ როგორ არიან დაავადებულნი ემიგრანტები ნევროზით, ათასი სხვა დაავადებით... თუ როგორ ენატრებათ ოჯახი, სკაიპებით გაზრდილი შვილები და შვილიშვილები... როგორ ენატრებათ სამშობლო, საკუთარი ლოგინი, სახლი, ეზო... ამ დარდსა და მოლოდინში გადის მათი ცხოვრების საუკეთესო წლები...

და როცა ჰგონიათ, რომ იქნებ რამე სასიკეთოდ შეიცვალოს და საქართველოში დაბრუნების დრო დადგა, მათ ეუბნებიან, რომ არ დაბრუნდნენ და დარჩნენ იქ, სადაც არიან... ეს უკვე მარაზმია... ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა...“ - წერს გულნარა წიკლაური და მიიჩნევს, რომ პატრიარქმაც და ხელისუფლებამაც შეთანხმებულად გასწირეს ემიგრანტები.

 

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია