დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო: „ქართული ჯანდაცვის სისტემა უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდება“
დავით სერგეენკო: „ქართული ჯანდაცვის სისტემა უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდება“
სულ ნანახია 1766
ავტორი:

 

საყოველთაო ჯანდაცვაქართული ოცნებისერთ-ერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. მისი დამსახურებით, საქართველოს არაერთი მოქალაქისთვის გახდა სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი. ფაქტობრივად, ეს ის პროექტია, რომლის სიკეთეც ასობით ათასმა მოქალაქემ უკვე იგრძნო და შედეგად  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  საზოგადოებამ ერთ-ერთ  წარმატებულ  უწყებად  აღიარა. თუმცა, ცხადია, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლა _ დავით სერგეენკოს მტკიცებით, პარალელურად, არაერთი, საქართველოს მოქალაქეების  ინტერესებზე ორიენტირებული პროექტი ხორციელდება. სამომავლოდაც უამრავი  სიახლეა დაგეგმილი. ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ სწორედ ამ რეფორმების დამსახურებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ევროსტანდარტების შესაბამისი გახდება.

_ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ისაა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ მიმართულებაზე გადავიდა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა დავგეგმეთ. ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისების ხელმისაწვდომობა.

გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. ზოგადად ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ, როცა არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადავიდა ჰოსპიტალურ სექტორზე. თავისთავად ცხადია, რა დიდ რისკებს მოიცავს პროცესი, როდესაც პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს. ეს როლი იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80% მართვაა და მხოლოდ 20% უნდა გადადიოდეს სტაციონარულ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა. სამწუხაროდ, ჩვენ გაქვს სურათი, როდესაც პაციენტები პირდაპირ სტაციონარებში მიდიან და თავადვე ირჩევენ, რა სპეციალობის ექიმთან მივიდნენ. თანაც მიდიან დაგვიანებით. საერთოდ გამოტოვებულია ოჯახის ექიმისა და ზოგადად პირველადი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ამ ფონზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ცოტა ადამიანს, ცოტა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევები. ჯანდაცვის მთავარი კარიბჭე სწორედ პირველადი ჯანდაცვაა.

_ არ ფიქრობთ, რომ ექიმთან დაგვიანებული ვიზიტის მიზეზი, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, მედიკამენტების ფასი და სამედიცინო მომსახურების ხარისხია?

_ დიახ, გატარებული რეფორმების მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროში კვლავ არაერთი პრობლემაა. მათი უმრავლესობა, იმ სიახლეების ფონზე, რომელსაც სამინისტრო გეგმავს, აუცილებლად მოგვარდება. მათ შორის კი, პირველადი ჯანდაცვა, ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განახლებული, აქამდე არ გამოყენებული ინოვაციური მოდელები, უკვე გატარებული თუ დაგეგმილი რეფორმები, საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სისტემას, გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, სწორედ იმ მიზნით, პრეპარატები ყოფილიყო ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, დაიწყო  ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანა.

_ რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოყვა. ზოგმა ჩათვალა, რომ ისინი უხარისხოა.

_ ზოგადად, საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე. წამლების ფასი მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს. საჭიროა, ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანაა. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, პარალელურად, აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს და ვცდილობთ, არ დავუშვათ, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უხარისხო პრეპარატი მოხვდეს. სხვათა შორის, პერიოდულად სამინისტრო უფასო მედიკამენტების გადაცემის პროგრამებსაც წარმატებით ახორციელებს.

_ მედიკამენტებს უფასოდ ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებიც იღებენ. ივნისიდან, შესაბამის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროგრამა წარმატებით მუშაობს?

_C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთვის კი არა, ზოგადად მთავრობისთვის, უმნიშვნელოვანესია. ის მხოლოდ იმიტომ არ დავიწყეთ, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო პრეპარატები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მიზანი ისიც იყო, რომ ზოგადად, ახალი შემთხვევების აღმოცენებას შევუშალოთ ხელი. ამ მიზნით, უკვე გამკაცრდა კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში, სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ტატუ თუ სილამაზის სალონებში. პროგრამით უკვე 10 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. გვყავს გამოჯანმრთელებული პაციენტებიც. 10 ივნისიდან კი, C ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობა კრიტერიუმების გარეშე შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეეძლება ისარგებლოს. მათ საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისა და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად, უსასყიდლოდ მიიღოს უახლესი თაობის მედიკამენტები. აქამდე ამის საშუალება მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობის პაციენტებს ჰქონდათ. პარალელურად, პროგრამაში ჩართვის პროცედურაც გავამარტივეთ _ აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე სჭირდებოდა 2 თვე, ეს ვადა 2 კვირამდე მცირდება. ამ ცვლილებების მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს პროგრამაში ჩართვის საშუალება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზანიც ხომ ის იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესარგებლა სამედიცინო მომსახურებით. ოპონენტები მუდმივად ცდილობენ ამ პროგრამას ხარვეზები უპოვონ. გაამართლა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვამ და რამდენად მდგრადია ეს პროგრამა?

_ ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას ხარვეზები შეიძლება ეტაპობრივად გამოჩნდეს. მთავარია, გზადაგზა მათი გამოსწორება შევძლოთ. მთავარი კი შედეგია. ვფიქრობ, საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რადგან სწორედ მისი საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს, დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ. რაც შეეხება პროგრამის მდგრადობას, მისი უზრუნველყოფისთვის რამდენიმე რეფორმის განხორციელება იგეგმება. მაგალითად, ხარისხის კონტროლის სისტემის პირველი ნაბიჯის დანერგვა და პერსპექტივაში სრულყოფა. ხარისხის იდეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება დაიზოგოს მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების 30%. ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ პირველივე თვეებში მივაღწევთ ამას, თუმცა ხარისხის ტოტალური მენეჯმენტი არის პირველი გზა იმისათვის, რომ პაციენტმა მიიღოს ხარისხიანი მოვლა, სამედიცინო დაწესებულებას დაეზოგოს თანხა და სახელმწიფომ შეძლოს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენება.

_ ანუ საყოველთაო ჯანდაცვა არ გაუქმდება, როგორც ამას ვარაუდობენ?

_ ხაზგასმით ვაცხადებ, არ მოიაზრება რაიმე სახით დავუბრუნდეთ მიზნობრივ ჯანდაცვას. საყოველთაო ჯანდაცვა შენარჩუნდება. უბრალოდ, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ _ მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მას უფარავს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. საყოველთაო ჯანდაცვა არსებული დეფინიციით არის შემდეგი, რომ სახელმწიფო ქმნის მოსახლეობის 100 პროცენტით დაფარვას, თუნდაც საბაზისო მომსახურებით. არსებობს მოქალაქეების გარკვეული კატეგორია, რომელშიც სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს, სწორედ ამ ხარჯებს ვამისამართებთ მათზე, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს ან საჭიროებს მეტ მხარდაჭერას.

_ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ სამედიცინო დაწესებულებებს შეუქმნა პრობლემა, რომ სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ, 2015 წლის მდგომარეობით, 65 მილიონი ლარიაო. მართლა დეფიციტურია პროგრამის ბიუჯეტი და დამატებითი ვალის აღებაც მოგიწევთ?

_ ასეთი ტიპის განცხადებებს მიზანმიმართულად ავრცელებენ. შარშანაც, მთელი წელი, რიგი ადამიანებისა, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები, შესაშური მოტივაციით, სიჯიუტითა და სიხშირით აჟღერებდნენ ამ დეზინფორმაციას. იმ წელმა ჩაიარა და ვნახეთ, რომ არც ერთი დღე არ გვქონია შეფერხება. ასე მოხდება წელსაც. რაც შეეხება კლინიკების დავალიანებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. მეტიც, ორიოდე წლის წინ, რიგი სადაზღვევო კომპანიების, დავალიანების გარკვეული მენეჯმენტიც კი, სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, რადგან ჩვენი მოვალეობაა სამედიცინო მოვლის, სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

_ სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს ხელისუფლებას რეგიონებშიც, სადაც ჯერ კიდევ არაერთი პრობლემაა ჯანდაცვის მიმართულებით. სოფლის ექიმების მდგომარეობა გაუმჯობესდა?

_ გეთანხმებით, ქართულ ჯანდაცვაში ერთ-ერთი სუსტი წერტილია სოფლის ექიმის პროექტი. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს თუ სოფლის ექიმებს მეტ ფულს გადაუხდი და ამბულატორიებს ააშენებ, ყველაფერი მოგვარდება. სამწუხაროდ, ასე არ არის. ხელფასი და ამბულატორიები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, რადგან, პირველ რიგში, სოფლის ექიმების გადამზადებაა საჭირო. მათი სტატუსი საკმაოდ ჩამორჩა თანამედროვე მიდგომებს. ამ ფონზე, სოფლის ექიმის პროექტს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. პროგრამა, რომელიც დაწყებულია, მოიცავს რამდენიმე ელემენტს _ დაფინანსების გაზრდას, ქსელური მართვის უზრუნველყოფას, სად რა სერვისები მიიღონ, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასა და ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ პრობლემის მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება. მუშაობა უკვე დაწყებულია და შედეგებს მალე ვნახავთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, პრობლემა იყო კომპლექსური _ მათი ანაზღაურების 50%- იხდიდნენ კერძო კომპანიები (თავის მხრივ, ამ თანხას მათ ჯანდაცვის სამინისტრო ურიცხავდა), დანარჩენ 50%- პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტრო რიცხავდა. კერძო ოპერატორი კომპანიების მიერ თანხის გადარიცხვა ხშირად რამდენიმე თვით გვიანდებოდა. შესაბამისად, ეს ადამიანები ისედაც ნახევარი ხელფასის ნახევარს იღებდნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ იმ თანხიდანაც, ვალდებულება ჰქონდათ, შეეძინათ მედიკამენტები, გადაეხადათ იჯარის ქირა, კომუნალური გადასახადი... გამოსავალი მარტივად გამოვნახეთ. მართვა სახელმწიფომ მთლიანად თავის თავზე აიღო. 100%- სამინისტრო იხდის და ეს თანხა მიდის ყოველგვარი დაგვიანების გარეშე. პარალელურად, სახელმწიფომ აიღო თავზე მედიკამენტების, სახარჯი მასალისა და სხვა ხარჯების უზრუნველყოფა. ექიმის სპეციალურ ჩანთებსაც კი ვუკვეთავთ მათთვის. დამატებით, ბიუჯეტი, რომლითაც სოფლის ექიმები ფინანსდებოდნენ, გავზარდეთ 30%-ით. ჯერჯერობით, ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მათი პირობების გასაუმჯობესებლად. მომავალშიც არაერთ სიახლეს ვგეგმავთ. ეს კი, ცხადია, იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტულია და ჩვენი მიზანია, დროული, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი იმის მიუხედავად, დედაქალაქში ცხოვრობს თუ მაღალმთიან რეგიონში

_ ბატონო დავით, სოციალური დახმარების გარეშე ბოლო დროს ათასობით მოქალაქე დარჩა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ეს ის საკითხია, რის გამოც ხშირად გაკრიტიკებენ. რატომ რჩებიან ადამიანები შემწეობის გარეშე, რა კატეგორიას მოუხსენით დახმარება და სამომავლოდ თუა მათთვის სამინისტროს მხრიდან რაიმე დაგეგმილი ?

 

_ მართლაც, ამ საკითხის გამო ხშირად მატარებენ კრიტიკის ქარ-ცეცხლში. რამდენჯერმე შეიცვალა სოციალური სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგია. ვეცადეთ და ვფიქრობ, წარმატებით გამოგვივიდა, ამ მეთოდოლოგიისთვის მოგვეცილებინა პოლიტიკური შემადგენელი. ჩანდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდებოდა წინასაარჩევნო პერიოდებში. უბრალოდ, მოხდა სოციალურად დაუცველების დიფერენცირება. ყველაზე მეტად გაჭირვებული ოჯახები მეტ დახმარებას იღებენ. 30 000 ქულამდე ოჯახებს 60-ლარიანი დახმარება აქვთ, ყველაზე მაღალი ქულა 60 000-65 000-ია და ისინი 30-ლარიან დახმარებას იღებენ. ოჯახის ყველა წევრი, ყველა დონეზე თანაბარ დახმარებას იღებს. ყოველ ბავშვზე 10-ლარიანი დანამატია და დანამატებს იღებს ყველა ოჯახი, მათ შორის, 65 000 ქულის ჩათვლით. სამაგიეროდ, კონკრეტული ნივთების, ტელევიზორის ან მაცივრის გამო, მათ სტატუსის გარეშე არავინ დატოვებს. მეთოდოლოგიის შეცვლის მიზანი იყო, თავიდან აგვერიდებინა სტატუსის არაობიექტურად მიღების საფრთხე. ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოციალურ შემწეობებს იღებენ, მუდმივად იცვლება. საშუალოდ, თვეში 5 ათასის ფარგლებში. სოციალური სტატუსის დაკარგვის შემთხვევების 70%-ის მიზეზი ის იყო, რომ კონკრეტულ ადამიანებს გამოუჩნდათ დროებითი სამსახური და არ შეატყობინა შესაბამის უწყებას. ასეთ შემთხვევაში, სისტემა მას ავტომატურად ბლოკავს. არ გამოვრიცხავ, ამ პროცედურის დროს ისეთი კატეგორიაც დაზარალდა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა შემწეობა, თუმცა მონაცემთა ეს ბაზები მუდმივად განახლებადია. სამომავლოდ, ვაპირებთ, კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად  გადაიხედოს ეს მონაცემები და ზუსტად განისაზღვროს, ვინ, რა მიზეზით დაკარგა სტატუსი. ხელისუფლება, მმართველი ძალა, არ დაუშვებს, სტატუსის გარეშე დარჩნენ, მართლაც, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები, რომლებზე ზრუნვაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.   

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია