დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როკოს ბლოგი - სხვანაირად დანახული გერმანია
20 ნოემბერი, 2017
როკოს ბლოგი - სხვანაირად დანახული გერმანია


სასიამოვნოდ მხოლოდ მოგზაურობა გღლის. რახან ერთხელ გემოს გაუსინჯავ ამ „გემრიელობას“, მერე გიჭირს მასზე უარის თქმა. წელს მეხუთედაც გახდა შესაძლებელი, სამშობლო დამეტოვებინა ცოტა ხნით და სამი თვით ადრე აღებული ბილეთებით შუაგული ევროპისკენ ქუთაისიდან გავწიე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ბილეთები უფრო იაფი დამიჯდა, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს!


ბილეთებზე მეტად„იქითა“ ხარჯი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ესეც მომიგვარდა. გერმანიაში მასპინძელი მყავს, რომელიც გაცილებით მეტს მთავაზობდა, ვიდრე ჩემი ფანტაზია გასწვდებოდა. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ.


ქუთაისის აეროპორტი. პატარა, ხელისგულისხელაა ქუთაისის აეროპორტი. მიშას სახელს უკავშირდება და არ დაგვავიწყდეთ ეს... ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით დილაადრიან მიფრინავს პატარა ბორტი, რომელსაც 180 კაცის დატევა შეუძლია მგონი. პატარა აეროპორტი, პატარა თვითმფრინავი ანსამბლურად ერწყმის ერთმანეთს. ყველა მგზავრი თითქმის ერთმანეთს ან იცნობს, ან იმახსოვრებს სახით. მე ჩემი აუდიტორია მყავს მოსაცდელ დარბაზში, სადაც ორატორულად ვუხსნი ყველას ფრენის დროს, განრიგს, ინტერნეტთან უფასოდ წვდომას და ათას რამეს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ყოველ მეორეს მაინც ვეუბნები, რომ გერმანია მეოთხე ევროპული ქვეყანაა ამ წელში, სადაც მივფრინავ ტურისტულად. ზედმიწევნით შინაურული სიტუაცია ყალიბდება გაფრენამდე. ვიღაც ჩიფსს გაწოდებს, ვიღაცას კრუასანი ემეტება და ზოგსაც „დუტი ფრიში“ მამასისხლად ნაყიდი წყალი, მეც ზემოიმერულ, გემრიელ და არაესთეტიკურად გამომზირალ ჩურჩხელებს ვაწვდი მსურველებს (ევროკავშირში მხოლოდ კახურები შემიძლია წარვადგინო, იქაც მიმყვება ზემომერული კუდაბზიკობა). ჩასხდომაც დაიწყო და მომხიბვლელ ბორტგამცილებელს დროარეულად ვესალმები, ის კი დროს „მისწორებს“ და მეუბნება, რომ დილაა.

 

ბორტზე.  ბორტი შეივსო, დაზეპირებული მაქვს უკვე როდის როგორ უნდა მოვიქცე თვითმფრინავში და გამცილებლების ჟესტიკულაციურ სწავლებებს ყურადღებას არ ვაქცევ. სამაგიეროდ, დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა სამი წლის ჰერ ლაზარი. დეიდასთან ერთად ბრუნდება გერმანიაში და ბილინგვური მეტყველებით მიხსნის ვინაა, სად იყო და სად მიფრინავს. მიწოდებული ჩურჩხელა წაღმა-უკუღმა ჩაკბიჩა, მერე ხაჭაპურის გული გამოღადრა და პირში ჩაიტენა. როგორც ჩანს, არ ეყო მენიუ და ცხვირზე ფაქიზად ამომწვდა. მერე ვითომც გულიანად მიირთვა „გერადე ნაზე“ (გრძელი ცხვირი) და კმაყოფილმა დეიდას აფუებულ მკერდზე თავი მიაყრდნო (შემშურდა!) და მე ფეხები ბატონკაცურად გადმომალაჯა! მიეცა გულიან ძილს და იდგა იდეალური სიმშვიდე სამყაროში...


დორტმუნდის აეროპორტი.  ისევე როგორც ბევრგან, დორტმუნდშიც არაა თავისუფალი ინტერნეტკავშირი, ამიტომაც როუმინგში ჩართულ ტელეფონზე ვეძებ მასპინძლის ნომერს, რომლებიც წუთიწუთზე გამოჩნდებიან აეროპორტში. მანამდე გერმანელი ჩინოვნიკი უჩვეულო ღიმილით მართმევს პასპორტს, ღირსეულად მიბრუნებს შტამპის ჩარტყმის შემდეგ და იმერულად პატივმოყვარემ გავაბიჯე გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე. დორტმუნდის აეროპორტიც პატარაა, მაგრამ აი, ქუთაისის მაინც სულ სხვაა... აეროპორტში წუთებში მომაკითხა „ალეს გიორგიმ“ (ყველას გიორგიმ) _ ქართველმა ემიგრანტმა ფეხბურთელმა, რომელიც საქართველოში ვერ დაინახეს, სამაგიეროდ დაინახეს გერმანიაში, სადაც კიდეც თამაშობს და ბავშვების მწვრთვნელიცაა... მოვიდნენ თამარი და ფიოდორიც. თამარი დიდი ხნის ფეისბუკელი მეგობარია, მისი მეუღლე ჰერ შლიკ 50-ოდე წლის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია, რომელიც გერმანულის გარდა კარგად საუბრობს რუსულადაც (რაც ყველაზე მეტად მიხარია, რამეთუ ბოლო 25 წელია, გერმანული სიტყვა არ მოხვედრია ჩემს ყურს). ბატონ შლიკს უსამართლოდ ჩამოართვეს თურმე ცოტა ხნის წინ მართვის მოწმობა, ახლა კი ელოდება არა მარტო მოწმობის დაბრუნებას, არამედ მორალურ კონპესაციასაც, რადგან კანონი გერმანიაში ყველას თანაბრად იცავს, რადგან გერმანელებიც მას იცავენ თანაბრად! რადგან ბატონი შლიკი ვერ მართავს ავტომობილს, ამიტომ მისი თანამშრომელი, საშუალო ხნის მამაკაცი, ბმვ-თი დაგვატარებს გერმანიის ბრტყელ ვაკეებზე!


დორტმუნდში.  დორტმუნდის აეროპორტიდან დორტმუნდში უნდა გავიდეთ პირველად. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბატონმა შლიკმა თავის დას ამცნო, რომ საქართველოდან ჰყავს სტუმარი და მასთან უნდა შეგვევლო. გამეგონა, რომ ევროპაში დაუპატიჟებლად სტუმრებს არ ღებულობენ და ამიტომ ფეხები უკან მრჩება ხუთკაციან ამალაში. როგორ გავწითლდები სირცხვილით, გერმანელმა დიასახლისმა ცხვირწინ კარი რომ მომიხუროს! დაიცა, რა დროს გაწითლებაა! ულამაზეს, ქათქათა ბინას გერმანელი დიასახლისი თითქოს უფრო ანათებს, მშვენიერ აივანზე იმდენი ცოცხალი ყვავილია, თავი ორანჟერეაში მგონია. სუფრაზე მორიგეობით ჩნდება თევზის ფილე, „სელოდკა“, კამამოყრილი მოხარშული კარტოფილი, თხლად დაჭრილი პური, კომბოსტოს ხორციანი რაგუ, კიტრის მწნილი, შემწვარი ქათამი და კიდევ არაერთი გემრიელობა! ბოლოს მხოლოდ მე დავაყოლე რძიანი ყავა სადილს, დანარჩენები ჩაის შეექცნენ (ესპანეთმა გამატეხინა გასულ ზაფხულს ყავაუსმელობის აღთქმა!). ნუთუ ესენი არიან ცივი და არასტუმართმოყვარე ხალხი? ვიკითხე სოციალურ ქსელში და რას ამბობო, ევროპის კარგად მცნობებმა მომახალეს, აზია ვერასდროს დაეწევა ევროპას სტუმართმოყვარეობაშიო! ძალა და ფაქტი აღმართს ხნავს და მეც შევეგუე სიამოვნებით სტუმრის საპატიო სტატუსს! დორტმუნდი, ესსენი, ბრემენი და დელმენჰორსტი მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობით და ფართობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველა მოვლილი ქალაქია. მიწის პატარა ნაკვეთსაც ვერ ნახავთ მიტოვებულს და გაუმწვანებელს. სადღაც უზარმაზარი მილებიდან ქათქათა კვამლი ამოდის, ეს იყო მხოლოდ განსხვავება მგონი...


მასპინძლებთან.  ჩემი მასპინძლები ოთხსართულიანი (თუ ნეტავ სამსართულიანი) კორპუსის პირველ სართულზე ფლობენ საცხოვრებელ ფართს. კართან „ველქამს“ „გეუბნება“ მინიატურული ანგელოზი, ბინა სრულიად თანაბრად თბილია და სასიამოვნო. ფიოდორი გასაშინაურებლად ყველაზე კარგ მეთოდს მიმართავს: ღორის ხორცი ფოლგაშია დამზადებული, ქართულ კონიაკს დიდი ამბით ვაყოლებთ გემრიელ ვახშამს და ტრილინგვურად ვსაუბრობთ_ ქართულ-გერმანულ-რუსულად. ვახშმის დასრულების მერე ყველაზე საჭირო საოჯახო ინვენტარს მაბარებენ მასპინძლები სრული ზემოქმედების უფლებით. მაცივარი გამოვსებულია ათასგვარი საკვებით. მომწონს გერმანული სოსისი, ძეხვი, პაკეტის რძე, მდოგვი, კარაქი, ბეკონი, კვერცხი და კიდევ რა აღარ, ვეღარ ვიხსენებ! გერმანული ხსნადი ყავა რძით ჩემია და როცა მომინდება, სამზარეულოდან ავითვისებ ყავის ფინჯანს, რძეს და შაქარს, აი, გერმანული შოკოლადით და ორცხობილით სავსე ვაზა მუდამ თავთით მაქვს. უბრალოდ, არ დაგეზაროს შოკოლადზე ქაღალდის შემოცლა და მერე ყბა თავად მოქმედებს! ჰო, მასპინძელი გავაოცე მაინც. კახეთში მეგობარი ჩურჩხელის ამოვლების ცერემონიას პირდაპირი ეთერით გვაჩვენებდა და ფიოდორი გაოცებული უყურებდა ამ მძიმე საქმეს ქალები რატომ ასრულებენ, კაცები სად არიანო... მეორე დილით ფიოდორს თანამშრომელმა გამოუარა და სტუმრიანობა გაიგო. ცოტა ხნის მერე ფიოდორი გვატყობინებს, რომ თანამშრომლის ცოლს ჩვენი დაპატიჟება აქვს გადაწყვეტილი ჩინურ რესტორანში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გერმანიაზე მცდარი წარმოდგენა მქონდა...


ფრაუ გიზელა. გიზელა 75 წლის ქალბატონია. მოხერხებულად ატარებს ავტოს და წვიმიან საღამოს თავისი მანქანით ჩინურ რესტორანს მივადექით. ჩინური სამზარეულო ჩემთვის ყველაზე გემრიელია, თუ გამოვრიცხავ ბასკურ სუფრას, რადგან ბასკური ყველაზე სუპერია! რაც დაღოღავს, რაც დაფრინავს და რაც ვერ მოძრაობს, ყველაფერი გავსინჯეთ, ფორთოხლის წვენის შემდეგ უზარმაზარი კათხით ლუდიც დავაყოლე სუშის და გიზელა გერმანულად საუბარს გვაიძულებს. დავიწყე უცებ დათვლა და გავჩერდი 41-ზე! ამის იქით თვლა საქართველოში საჭირო არაა, ვამბობ და მხოლოდ თამარი ხვდება, რომ გავაპოლიტიკურე სუფრა. პოლიტიკური ელფერი უფრო მაშინ მიეცა სუფრას, როცა გემრიელი ხორცის წარმომავლობა ვიკითხეთ. გიზელამ  ხორცი ცებღა უნდა კენგუღუო! აჰა, მგონი, თამარ, ესენი ბიძინას ზოოპარკს გვაჭმევენ მეთქი! ჩვენ ვიცინით, გერმანელებს კი ჰგონიათ, რომ არ ვიჯერებთ ზებრისა და კენგურუს ხორცის ჭამას! რა იციან გერმანელებმა, გასულ წელს თვით მისი აღმატებულება ყაღიც რომ ვჭამე თუშეთ-დაღესტნის საზღვარზე! მოკლედ, ბოლოს გიზელამ გადაიხადა და შინ დაგვაბრუნა! უკვე თამარი ეუბნება, რომ მომდევნო საღამოს ელოდება გიზელას ვახშმად, რათა გავასინჯოთ ტკბილი კვერი, ჩურჩხელა, ტყემალი და აჯიკა! მეორე დღეს ფრაუ გიზელა გვეწვია, გვამცნო, რომ ზაფხულზე მოიარა ესპანეთი, ბრიტანეთი, ფინეთი და თვით სანკტ-პეტეღბუღგ! აი, ამას ჰქვია 75 წლის ადამიანი! ღაჟღაჟა ლოყები, წითური თმები, სიცოცხლით სავსე თვალები და საქართველოს გაცნობის სურვილი! აი, მაშინ ამოვიდგით მე და თამარმა ენა და დავიწყეთ დმანისელი ზეზვა-მზიათი და დავასრულეთ ვიდეოკოლაჟით, რომელიც საქართველოს სილამაზეებს გადმოსცემდა... ზეა გუთო, გვითხრა გიზელამ, მაგრამ კახური ჩურჩხელა უფრო ზეა გუთო... არა და მე და თამარმა ენა მოვიტეხეთ კინაღამ საქართველოს ისტორიის გადმოცემით!

 

 

თამარი.  თამარი განათლებით ბუღალტერია და სადაც მიდის, ყველგან საქარველოს ელჩია. ქართული მზე, მიწა, საჭმელი, სასმელი, კაცი, ქალი, ჯოხი (თუნდაც ტალახიანი) მსოფლიოში ყველაფერს სჯობს და თან ნამუსზე აგდებს გერმანელებს, ჩადით, ნახეთ, საქართველო რუსეთი რომ გგონიათ და სინამდვილეში რუსეთი სად იყო, ჩვენ ბიბლია რომ ვთარგმნეთ და ასე შემდეგო! მოკლედ, გერმანიაში უსტატუსო ელჩი გვყავს და ეს ელჩი ჩემი მეგობარია!


ფიოდორი. ფიოდორი ნამდვილი ინტელიგენტია. დინჯი, საქართველოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უკვე ფლობს სიტყვებს: მიყვარხარ, გამარჯობა, მწვადი, ღვინო, საქართველო, პური, ჩურჩხელა, აჯიკა, ტკემალი და ასე შემდეგ! ისეთი ქართველი გაუხდია თამარს უკვე ფიოდორი, რომ აჯიკის ჭამის დროს ზუსტად ჩვენსავით იჭყანება და რაღა უკლია ქართველობამდე? უბრალოდ, ძალიან ზომიერად სვამს და ცოლს აუცილებლად ეხმარება სამზარეულოში, სუფრის გაწყობასა და ალაგებაში! თოვლი არ უყვარს, უყვარს მზე და საქართველო, ჰო, თამარიც ძალიან უყვარს და ამბობს, რომ ის „გეორგიშე მან“ არის, ხოლო თამარი _ „დოიჩე ფრაუ“! ფიოდორი მოხერხებულად და დიპლომატიურად ამზადებს ჩემს საჩუქრებს. ერთხელ შესანიშნავი ქურთუკი მომახურა მხრებზე, მგონი გცივაო... მერე გერმანული მდოგვი, შოკოლადი, ყავა და თვით გერმანული წესით დამზადებული ღორის ხორციც გაამზადა საქართველოში გამოსატანებლად. აი, ლუდიც წაიღე, გემრიელიაო, მაგრამ სად უნდა მეჭანჭყარებინა ლუდი?


ბრემენი.  ბრემენი საშობაო ნამცხვარივით ლამაზი ქალაქია. იქ ჩემი სახელობის რაინდის ძეგლი დგას და როგორც ფრაუ გიზელამ მირჩია, „ცვაი ღოლანდ“ ვიქნებოდით ერთად ბრემენში... ჩავდივართ ბრემენში, ვნახულობ ბევრ სილამაზეს ძალიან პატარა მანძილზე, ვიღებ წამოწოლილი ფოტოებს (ეს ჩემი ჰობია) და ვპოულობ ვიღაცისგან დატოვებულ ღუნღულა ხელთათმანებს... ბრემენელი მუსიკოსების ძეგლთან ფოტოებს ღორის კოლტთან სურათები მოჰყვა, მერე ქუჩის მუსიკოსებს მოვუსმინე, ბოლოს კი ფიოდორმა მაღაზიაში შეგვლალა და საჩუქრები სტუმრისთვის, სტუმრის ოჯახის წევრებისთვის ისე სწრაფად იყიდა, უარიც ვერ მოვასწარი...


სახლისკენ.  მერვე დღეს უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. უკვე მე ნოსტალგია მიღრღნის გულს. თამარიც ბუზღუნებს და ეუბნება ქმარს, ხომ ხედავ, რა სამშობლო გვაქვს, ის ყველას ენატრებაო. ფიოდორი იღიმება და წინასაახალწლოდ პირდება თამარს სამშობლოში წაყვანას (მეც ვიმუქრები, აი, ჩამოხვალთ და მე თქვენ გაჩვენებთ გასტრონომიულ ტერორიზმს ხაჭაპურით!). დორტმუნდში დაგვიანებით ჩადის მატარებელი რატომღაც. ტურისტთა საინფორმაციო ცენტრში მეუბნებიან, რომ აეროპორტამდე უკვე გასულია ბოლო მეტროს შემადგენლობა, ამიტომ ტაქსს ქირაობს საინფორმაციო ცენტრი და შავტუხა მძღოლს ვაწვდი ბეჭედდასმულ ფურცელს, რომ აეროპორტში მიმიყვანოს! მძღოლი აჩერებს თავაზიანად ავტომობილს, მე უზმოდ კმაყოფილი ზურგჩანთით გადმოვდივარ აეროპორტის წინ და წინ, ჰოი საოცრებავ, არის ფეშენებლური სასტუმრო „აეროპორტი“. ოჰ, ახლა კი დროა, ტაქსი დავიქირავო, რათა გერმანიაში კიდევ არ დავრჩე მთელი ერთი კვირით და ნოსტალგიამ არ შემჭამოს! ახალგაზრდა ტაქსისტი თავაზიანად მაგებინებს, რომ აეროპორტამდე 15 ევრომდე მექნება გადასახდელი, მე კი სისხლსაც კი მივცემ, ოღონდ სამშობლოში დავბრუნდე! აეროპორტში მისულს ინკასოთი დაწერილი 14.90 ევრო მაჩვენა, მე კი მთელ 20 ევროს ვაჩეჩებ და ამაყად შევდივარ იქ, საიდანაც სამშობლოსკენ გავფრინდები!


ფაროსანა.  დაახლოებით ოთხსაათიანი ფრენის მერე ქუთაისი გამოჩნდა. აი, ის ქუთაისი სავარდო და სამაისო რომ ჰქვია და ავტოსადგურიც რომ არაა მოწყობილი, მაგრამ ძალიან ჩემია და ვერასდროს გავცვლი ვერაფერზე... ბორტის დატოვებამდე ილუმინატორის კიდეზე ფაროსანა დავინახე. ეს ამოსაწყვეტი, როგორც ჩანს, წინა რეისზე გამოჰყვა თვითმფრინავს (უბილეთოდ, რასაკვირველია) და ისევ დაბრუნდა საქართველოში. ჩანს, რომ მას ჩემსავით არ გაუმართლა და იქაური ფაროსანები ზარზეიმით არ დახვდნენ... სწორი რომ ვთქვა, ფაროსანა არც დამინახავს მწვანე და კეთილ გერმანიაში...

 

 

 როკო

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია