დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კაკაბეთელი პრეზიდენტობის კანდიდატი
15 სექტემბერი, 2013
კაკაბეთელი პრეზიდენტობის კანდიდატი

 

რას არ ნახავს ღამით თბილისში მოსეირნე მოცალე მავანი. მე კი ყველაზე მეტად გამიმართლა - პრეზიდენტობის კანდიდატი გავიცანი. არა, მეგობრებო, არ მოგესმათ! სწორედ პრეზიდენტობის კანდიდატი, ავთანდილ ფილაური (კარგად დაიხსომეთ ეს სახელი) გავიცანი. ეს ამბავი აი, ასე მოხდა. სეირნობით დაღლილი სკამზე ჩამოვჯექი და ავტობუსის მოლოდინში სიგარეტს მოვუკიდე.

- უკაცრავად, ხელს მომიწერთ?

- რა?

- ხელს თუ მომიწერთ?

- ჰა? - რაღაცაზე ვფიქრობდი და ვერ გამოვერკვიე. უცნობი გვერდზე მომიჯდა და ძველისძველი ჩანთა, აი "პრავიზონკას" რომ ეძახდნენ, ფეხებთან დაიდო.

- მე პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ!

- ...

- ხელმოწერებეს ვაგროვებ და ხელს მომიწერ? წინ გადაიხარა და ქვემოდან ამომხედა.

- რა ვიცი... სად მოვაწერო? თქვენ რომელი კანდიდატი ხართ?

- კითხვა არ იცი? აი, აქ წერია. ცესკოს ბლანკიანი ფურცელი მომაწოდა. დავხედე და ავთანდილ ფილაური წერია. სწრაფად ჩავწვდი საქმის არსს. "პრავიზონკისკენ" სწრაფად გავაპარე თვალი და უამრავი კუთხეებგადაკეცილი და ხელმოწერილი ფურცელი, ერთი ჩაკუჭული თეთრი პერანგი და ბოთლით წყალი შევნიშნე. 

- მოგიწერ, რატო არ მოგიწერ, ვითომ?!

- გენაცვალე, კაი კაცო! - ზუსტად ასე მითხრა.

- ნუ იტყვი! - სახელი და გვარი დავწერე და პირადი ნომრის გრაფაში რო გადავედი, შევყოყმანდი. თუმცა, მაინც დავწერე და მივაწოდე. სახე გაებადრა. 

ცოტა ხანს ჩუმად იჯდა და მეც, ღადაობისთვის გამზადებული, რაღაც უხერხულობამ შემიპყრო. 

- სიგარეტი გექნება.

ერთი ღერი ამოვაცურე და გავუწოდე. თავი დახარა და ცოტა ხანი ატრიალა სიგარეტი. ვიფიქრე, სანთებელა არ ექნება– მეთქი და ჯიბისკენ წავიღე ხელი....

- მოვკვდი კაცი, აღარა ვარ, ყოველდღე კაკაბეთიდან დავდივარ, რომ ხელმოწერები შევაგროვო. ახლა ისევ უკან უნდა წავიდე. - გაჩერებაზე საათს ავხედე და 21:08 წერია.

- ახლა რით წახვალთ?

- მაგრად ვიტანჯები... ორ ღერს ვერ მომცემ? ხო იცი, გზა რა ოხერია.  - ასე 10 ღერი ამოვიღე და გავუწოდე. ჩაიცინა, ორი ღერი მინდა მხოლოდო. მივეცი ორი ღერი.

- სადაური კაცი ხარ? კაკაბეთი ხო იცი,  კახეთშია.

- როგორ არ ვიცი?! მეც კახელი ვარ, გურჯაანელი.

ცოტა გაოცებულმა შემომხედა და დამაკვირდა:

- ერთი კახელი პრეზიდენტი ხომ გვინდა?

- ცხადია! - ფეხსაცმელებზე დავაკვირდი. ასე დაბრეცილი და ცვეთაში გალეული ფეხსაცმელი ბავშვობაში თუ მინახავს სოფელში.

- ხოდა, ეგ არი, რა! - გულიანად გამიღიმა.

- ტელევიზიებში არ გიშვებენ?

- როგორ არა?! - შეიცხადა. - ორი დღის წინაც ვიყავი,  ხუთმა ტელევიზიამ გადამიღო.

- რამე პროგრამა გაქვთ?

- მეტი რა პროგრამა გინდა. რომ მოვალ პრეზიდენტად, შენი სახელი ამ ფურცელზე წერია და აუცილებლად მოგძებნი, პატივისცემა ჩემზე იყოს.

- კაი კაცი ჩანხარ... 

ცოტა ხანი თავდახრილი იჯდა, გაყუჩებული. მერე ენერგიულად წამოდგა და "პრავიზიონკას" დაავლო ხელი:

- წავედი, წავედი... დამაგვიანდება და დილამდე ვერ ჩავალ კაკაბეთში.

- აბა, წარმატებები არჩევნებზე.

- გურჯაანშიც გაავრცელე...

რა უნდა გამევრცელებინა, ვერ მივხვდი.  მეგონა, ცარიელ ფურცლებს მომცემდა ხელმოწერების შესაგროვებლად. მაგრამ მხოლოდ ეს თქვა და ჭავჭავაძეს დაუყვა ფილარმონიისკენ.

 

ბექა დანელიშვილი

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია