დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
In my Barbie World
04 მაისი, 2015
In my Barbie World

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა , რომელიც ყოველ დღე საკუთარი ხელით შეკერილ თოჯინასთან ერთად სახლობანას თამაშობდა, აცმევდა, აბანავებდა ,იავნანას უმღეროდა და მასთან ერთად იძინებდა.

გოგონა საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი იყო მანამ, სანამ ერთხელ ტელევიზორში, ლამაზად მომღიმარ, გრძელფეხება არსებას არ მოჰკრა თვალი. არსება სინამდვილეში ჩინური პლასტმასისაგან შექმნილი ბარბი იყო, რომელსაც 30 წამიანი რეკლამაში უჩინარი ხელი თავის ნებაზე ატაკიმასხავებდა. ამ დროის განმავლობაში ბარბი ასწრებდა, ყოფილიყო სამართლიანი ბოსი, მზრუნველი დედა, მეუღლე, მგზნებარე საყვარელი, ყურადღებიანი შვილი და ჩინებული სპორტსმენი.

პატარა გოგონამ მოჩვარულ სათამაშოს დახედა, რომელსაც ზურგთან , გაცრეცილი ნაჭრიდან მატყლი მოუჩანდა, მერე ისევ ტელევიზორს შეხედა, მერე თოჯინას, ამ დროს დედამ დაუძახა საჭმელი მზად არისო , გულგრილად გაუშვა ხელი ერთგულ მეგობარს და სამზარეულოში ასკინკილით აედევნა დედას.
სამზარეულოც არ იყო ისეთი როგორიც ბარბის, ტელევიზორში ნანახი სამზარეულოში ჩაწიკიკებულ ჭურჭელს ბრდღვიალი ასდიოდა და რეკლამაში მოთუშული კომბოსტოს სუნიც აშკარად არ იდგებოდა.

დედასაც საჭმლის კეთებისგან დალაქავებული წინსაფარი ეკეთა, თვალები უძილობისგან ჩამოსივებოდა და გოგონას ტოლი სახლის ჩუსტს მარჯვენა ქუსლი სულ მთლად მობრეცოდა.

გოგონა უხალისოდ შეუდგა, მუქიჟანგისფერი სუპის კოვზით გუფთის ხვრეპას, არც მისი საყვარელი ყვავილებიანი თეფშის ძირის დანახვა ეჩქარებოდა.
ჭამას ისე მორჩა ხმა არ ამოუღია. დედას ეს არ შეუმჩნევია, ვახშმისთვის ხორცის დაბასტურმებით იყო დაკავებული, სტუმრებს ელოდებოდნენ საღამოს.
გოგონამ იმ ღამეს ვერ დაიძინა, რამდენიც თვალს მოხუჭავდა, იმდენი პლასტმასის სამოთხე ახსენდებოდა.

დილით უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი , რაც არ უნდა დაჯდომოდა თვითონაც შეექმნა თავისი პლასტმასის სამყარო.

ასე იწყება ნებისმიერი ბანალური ისტორია, რომელიც თანამედროვე მარკეტინგის სამიზნეში ამოღებულ ადამიანებს გადავხდენია თავს. ადამიანებს, ვისი ცხოვრებაც გაუაზრებელი სტანდარტების ,მიზნების და ამოცანების აბლაბუდას შეადგენს ,ეს აბლაბუდა, ფილმებში ნანახი ლაზერული ხაფანგივით არის, გაძვრები, მიაღწევ და უცებ ახალი უფრო რთული დაიხატება.

ასე დაიწყო ჩემი ისტორიაც, მახსოვს მამიდაჩემმა ჟურნალი „ნეკერმანი“ მომიტანა, ჩაკეცილი გვერდიდან კაბა ამომირჩია ,შევუკვეთეთ გერმანიაში რომელიც ფოსტით 2 თვის შემდეგ ჩამომივიდა.

ეს ორი თვე არ დამავიწყდება , თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა რომ გრძელი ლურჯი ფრიალა კაბით მივდიოდი დაბადების დღეზე, ვსვამდი Zucoს გასახსნელ წვენს და რას ვუსმენდი აღარ მახსოვს.

კაბა ჩამოვიდა და თან იმედგაცრუების დიდი პორცია მოჰყვა . კარგა ხანი მეგონა რომ ეს უმოწყალოდ ბაილონის კაბა იმიტომ არ მიხდებოდა , რომ მე საერთოდ კაბები არ მიხდებოდა, საერთოდ არაფერი არ მიხდებოდა და არც ისე კარგად ვსწავლობდი სკოლაში, როგორც მასწავლებლები ამობდნენ . აბა როგორ უნდა ამეხსნა ის, რომ ნეკერმანში დახატული საოცნებო 12 ღილიანი კაბა სულ სხვაგვარ ბედნიერებას ანიჭებდა ცისფერთვალება მეგის ( გახსოვთ , მოდელებს გვერდით სახელები რომ ეწერათ ? ! )

კაბის ამბავი დამავიწყდა , თუმცა ცოტა ხნით.

გაგრძელებად მოჰყვა ჟურნალი კოსმოპოლიტენი, რუსულ ენაზე, რომელსაც გულის ფრიალით ვყიდულობდი მრგვალ ბაღთან რომ ჟურნალებს ჰყიდიან იქ.

კოსმოსი პირველი სიყვარულივით მჯეროდა, რა მზა რეცეპტები არ დავიზეპირე, სიყვარულის, კარიერის, ურთიერთიბის, კატების მოვლის ( არადა კატები არასდროს მყოლია) ეს გაგრძელდა მანამ სანამ მე თვითონ არ აღმოვჩნდი ამ ჟურნალის ერთ- ერთ გვერდზე, რომ გადავშალე ,ისევე მეპლასტმასა და მეუცხოვა საკუთარი თავი, როგორც სხვა , ჩემზე მეტად წარმატებული, მდიდარი, ლამაზი და დაფოტოშოფებული ინდივიდები.

დრო ბევრი გავიდა, მეც გავიზარდე, თუმცა ზოგჯერ , ძველ პალტოში შეპარული ჩრჩილივით, ერთი კითხვა მღრღნის : ‘ როგორ ახერხებს ბარბი იმას რისი მოხერხებაც , მისი პლასტმასის ტვინის პატრონმა შესძლო და მე ვერაფრით.როგორ ახერხებს ის, 70 წლის ასაკში ისევ ისეთი ტანწერწეტა იყოს, არც ცელულიტი აწუხებდეს არც კენის ღალატი და არც ჩაშავებული უპეები ,სულ კარგად გამოიყურებოდეს და მის სახეს არასდროს ეტყობოდეს ჩემი ხშირი მეგობარი, სახელად დავიღლე ? „

ჩემს ბავშვობაში ბარბი ერთი იყო, დღეს მილიონია, ნებისმიერი საშუალოხარისხის ჟურნალი, სულ 300 სიტყვისგან რომ შედგება მთელი სარედაქციო კოლექტივის ლექსიკონი, ინსტაგრამის ფილტრებისგან დაწრეტილი გვერდი თუ სატელევიზიო ჩინური მძივებივით ბრჭყვიალა პროგრამა სავსეა ქალებით, ვინც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ახერხებს იყოს იდეალური ,ძლიერი,წარმატებული, გადამწყვეტი, ამავდროულად მოსიყვარულე, ქარაფშუტა და უზრუნველი.

ამაზე ფიქრისას მე და პატარა გოგონას ერთი რამ გვახსენდება, ბარბი ასე 30 წამი ცხოვრობდა, ისიც მხოლოდ უჩინარი ხელის კონტროლით, ჩვენ კიდევ 30 წელია , მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვართ.

ასე რომ მე და გოგონა ჩუმად შევთანხმდით, რომ ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა მაშინ, როდესაც შენი საყვარელი სქელი კერამიმკის თეფშის ძირას, ყოველ ჯერზე სხვა და სხვა ორნამენტს დაინახავ , პლასტმასის სამყარო კი , რომელიც რეალურად , მარკეტინგის სპეციალისტების შემოსავლის წყაროა არ ვდარდობთ , ის ზუსტად ისეთი დაგვხვდება, როგორიც დავტოვეთ.

 

თეონა ბაღდავაძე

http://wom.ge/

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია