დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პანდუსი – მოძრაობის უფლება
11 დეკემბერი, 2014
პანდუსი – მოძრაობის უფლება

რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში შშმ პირების აქციის გასაშუქებლად დამიკავშირდნენ. ვინაიდან აქცია, სამშვიდობო თუ საპროტესტო, ჩვენთან მაინც მთავრობასთან ასოცირდება, ამჯერადაც ჩავთვალე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათი პრობლემების გასაჟღერებლად  და მთავრობის უმოქმედობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

 

აქციაზე მისულს სხვა ვითარება დამხვდა. მათ მიერ გაჟღერებული მესიჯების შესახებ რომ  გავიგე, გულწრფელად შემრცხვა.  ადამიანები, ჩვენი რეალობიდან თავიანთ მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს  მიმართავდნენ – არ დაემტვრიათ მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტი, არ მოენგრიათ პანდუსი, მათი გადაადგილებისთვის  აუცილებელი საშუალება და არ დაეყენებინათ ავტომობილები მათთვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე.  ეს ადამიანები თანასწორობას და არსებობის უფლებას ითხოვდნენ: „ნუ შეეცდები ჩემს შეცვლას, ეცადე შეცვალო გარემო!“–აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.

 

ალბათ, არც აქციაზე  მყოფთაგან და არც გამვლელთაგან  უფიქრია ვინმეს, რომ ეს მესიჯები მათი მისამართით იყო გამოთქმული, რადგან ვთვლით, რომ ჩვენ კარგი მოქალაქეები ვართ და ეს სხვები აფუჭებენ.

 

იმ დღეს ერთ-ერთ მეგაშოუში შეზღუდული შესაძლებლობის პირები გამოვიდნენ და დარბაზი აატირეს. ალბათ, იმ ღამით მთელი ქვეყანა იმ ადამიანებს გულშემატკივრობდა და მათ უსაზღვრო შესაძლებლობაზე საუბრობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ იმ ღამით იყო...

 

ამ გადაცემის  გასვლიდან რამდენიმე დღეში კი ქალაქში ეტლით მოძრავ ადამიანს შევხვდი, რომლის ქუჩაზე გადაყვანასაც თანმხლები პირი უშედეგოდ ცდილობდა, ავტომობილთა გრძელ რიგს დასასრული არ უჩანდა და არც რომელიმე მძღოლი ცდილობდა, „ზებრაზე“ ეტლით მდგომი ადამიანისთვის გზის დათმობას. რამდენიმე ფეხით მოსიარულესგან გავიგონე – „რას წვალობს, ვერ დარჩება სახლში?!“.

 

სამწუხაროა, მაგრამ ეს ფრაზა პირველად არ მსმენია. საზოგადოება პრობლემის დამალვით მის მოგვარებას ცდილობს:  ვერ დადის ფეხზე? - არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში; მსუბუქი ყოფაქცევისაა? – რაც უნდა, ის ქნას, ოღონდ ხალხს ნუ დაენახვება; შია? – გაჩუმდეს.

 

ალბათ, ესაა მიზეზი იმისა, რომ შშმ პირებმა ჯერ კიდევ ვერ დაძლიეს სახლიდან გამოსვლის შიში. საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების გამო ცდილობენ დაიმალონ, სახლში დარჩნენ, საზოგადოებას რომ მყუდროება არ დაერღვეს. ამ ადამიანების ჩაკეტილობა და დუმილი გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალაქში არც სტრატეგიულ ობიექტებს და არც გზებს არ აქვს პანდუსი – მოძრაობის უფლება. ან თუ აქვს, არაპროფესიონალიც მიხვდება, რომ პანდუსი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არის გაკეთებული, რაზეც მოძრაობა არა თუ ეტლით, მყარი ფეხსაცმლითაც გაჭირდება.

ისევ შშმ პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა პრობლემებზე ზრუნვა დაიწყო. ეს საკითხები ბიუჯეტშიც მოხვდება და ქუთაისის მერიაში პანდუსი დამონტჟდება. თუმცა, როგორც ირკვევა მერიაში ვერ ან არ გაითვალისწინეს, რომ მხოლოდ პირველ სართულზე პანდუსის გაკეთება პრობლემას ვერ მოაგვარებს  და რომ შშმ პირთა გადასაადგილებლად სპეციალური ლიფტიცაა საჭირო.

 

პროფესიის გამო შშმ პირებს ხშირად შევხვედრივარ და მათ პრობლემებს დეტალურად გავეცანი. უნდა ვაღიარო, რომ თავდაპირველად, როდესაც სიტყვა პანდუსი გავიგე, საკმაოდ დიდი ვიყავი. შევეცადე დამემახსოვრებინა ეს უცხო სიტყვა და მისი მნიშვნელობაც გამეგო. მნიშვნელობის გაგების შემდეგ იმ შენობების და ქუჩების შესწავლა დავიწყე, სადაც პანდუსი იყო დამონტაჯებული. არც ისე რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან ქალაქში მსგავსი ადგილი იშვიათი იყო - პრობლემა კი უზარმაზარი, რომლის მოგვარებასაც საზოგადოების და ხელისუფლების სურვილი და მზადყოფნა სჭირდებოდა, სჭირდებოდა, ეღიარებინათ განსხვავებული ადამიანები, რომლებიც თანასწორუფლებიანობას ჩაკეტილ კედლებში ამტკიცებდნენ.

 

საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ პანდუსი არამხოლოდ ლათინური სიტყვაა, არამედ პანდუსი არის მოძრაობის უფლება, არსებობის უფლება, რომ ადამიანები მხოლოდ ეკრანიდან არ უნდა გვიყვარდეს, რომ ისენი ჩვენს ირგვლივაც არიან და ჩვენგან მათ მიერ გაჟღერებული მესიჯების მიღებას და გაზიარებას მოთმინებით ელოდებიან.

 

 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია