დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წითელი თუ შავი ზღვა?!
16 ივლისი, 2014
წითელი თუ შავი ზღვა?!

ამ მასალის წერის დროს პატრიოტიზმი, გეოგრაფია, ეკონომიკა  და პიროვნული მისწრაფებები რომ იქნებოდა შერეული, ვიცოდი. ვცდილობდი, რომ ყველაფერი ეროვნულ ნიადაგზე „მომეყომარებინა“, მაგრამ ფინალში ნახავთ, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც იდეაშია.

 

როგორც იქნა, ერთხელ, 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, თავს გადაწყვეტით ვუთხარი: „დაისვენე, დროა". ზაფხულში, წესით, ან მთაში უნდა დაისვენო, ან – ზღვაზე.

 

უშგული წინასწარ მოვსინჯე და, მივხვდი, რომ უძვირესი იქნებოდა ჩემი ჯიბისთვის. არადა, რა სჯობია სიგრილეს, საღ გარემოსა და გემრიელ წყალს კუბდართან ერთად? თუნდაც საოჯახო ტიპის სასტუმრო „ანგელინა" ჩემს მწირ ბიუჯეტს ისე დააქცევდა, რომ სადარდელი წელიწადი არ გამომელეოდა. ასე გადავწყვიტე, რომ ენგურისპირის ნაცვლად ზღვისპირზე მეფიქრა.

 

ბათუმს, როგორც წესი, პატრიოტულ-ეკონომიკური პოზიციებით მინდოდა მივდგომოდი. ათასჯერ მაქვს ნათქვამი (დაწერილიც), რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ბელგიის მონარქმა მოსახლეობას სთხოვა ,,ეკონომიკის „ამოსაქოქავად" ყველაფერი ეროვნული მოიხმარეთ და შეიძინეთო. თავად ამ პრაქტიკიდან გამომდინარე „გურიელს" ვყიდულობდი, „ლიფთონს" და „მარიამს" შორს ვიჭერდი, თუმცა თურქული შავი ჩაი რომ ყველა ჩამოთვლილს სჯობია, ნებისმიერმა იცის. ამავე მიდგომით, შავიზღვისპირეთი უნდა შემერჩია და არა რომელიმე „ინასტრანცული". დავიწყე ბინის ქირის გარკვევით. ხუთვარსკვლავიანებზე (და საერთოდ ვარსკვლავიანებზე) არც მიფიქრია. როცა სამშობლოს ბიუჯეტში გინდა თანხის შეტანა, ასეთ დროს რა დროს ვარსკვლავებია – ვუთხარი ჩემს თავს. ბათუმში ზღვის ახლოს ბინა დღიურად 50 დოლარი! ურეკში – მინიმუმ 10 ლარი! საჭმელი თავად უნდა მოიმზადო და თუ გაწვიმდა, წყალში ყრი 10 ლარსაც და მეტსაც. ურეკი ისეთი უსუფთაოა, როგორც უმრავლესი ჩინოვნიკის გული, ბათუმი – სამშენებლო პოლიგონს ჰგავს.

 

რაღას ვიზამდი, თუ დასვენება მინდოდა, სადღაც უნდა გამეტია. თურქეთში 160 დოლარიდან იწყებოდა ფასები და გინდა მანდაურ სამვარსკვლავიანში ყოფილხარ და გინდა საღორეშიო, მითხრა მეგობარმა. გოა ნამეტანი შორსაა, – ვიფიქრე. რომელი რაფიელ დანიბეგაშვილი მე ვარ, ინდოეთი რომ ავირჩიო? თან ფასიც საკმაოდ სოლიდური იყო... რაღაც შუალედური მინდოდა და ეგვიპტე გადაწყდა! 440 დოლარი ხუთი ვარსკვლავის მქონე ,,იმპერიალში“. კაცმა ცოლის მოყვანა მოსინჯა და მეც გავბედე მოსინჯვა. ამ თანხაში “ბოინგით" გაფრენა-გამოფრენაც შედიოდა, ოთხჯერადი კვებაც და წყალიც თავზე საქცევად.

 

თეთრი ლაინერი როცა ბორძიკით გაუყვა ასაფრენ ბილიკს, ვიფიქრე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ასაფრენი ბილიკი სახურავის შესაფერისი ჰქონდა. სამსაათიანი ფრენის შემდეგ ხურგადის აეროპორტში თხელი არაბები დაგვხვდნენ, 25 აშშ დოლარი გადაგვახდევინეს საზღვრის გადაკვეთის მოსაკრებელი და „პეგასმა“, როგორც მომსახურე ფირმამ, იმხელა ავტობუსში შეგვიძახა, რომ ნემსის ოდენები გამოვჩნდით მგზავრები. „იმპერიალში" ღიმილიანი არაბები სამ ენაზე მოგვესალმნენ და მოლოდინს გადააჭარბა მომსახურებამ. მხოლოდ სიგარეტი იყო ფასიანი (კატასტროფულად ძვირი), სხვა ყველაფერი თავზე საყრელად, მრავალფეროვანი სამზარეულო და სასმელების უჩვეულო არჩევანი (ლუდი, რომი, ვისკი, თეთრი და წითელი ღვინო, ჩაი, ყავა, მინერალური და გამაგრილებელი). ასევე უფასო იყო ტრენაჟორების გამოყენებაც.

 

ერთ საღამოს ანიმატორებმა გვაცნობეს, რომ იწყებოდა შოუ სახელწოდებით: „ვინ გახდის და აკოცებს მეტს?" ხუთი ახალგაზრდა ქალი ვალდებული იყო, 2 წუთიან მონაკვეთში ამფითეატრში ჩამოერბინათ და გაეხადა კაცებისთვის შორტები, მაისურები და ეკოცნათ კიდეც. სამივე ნომინაციაში გაიმარჯვა რუსმა! მცირე უპირატესობით აჯობა ხორვატ ქერასა და ხორბლისფერ უკრაინელს (ისე, ეს რა დასაწერი იყო ახლა აქ?!).

 

თავი დავანებო ახლა ეგვიპტის კურორტების ქებას და ვიკითხო: წყლით და მზით მდიდარ საქართველოს რატომ აქვს ასე მაღალი ფასები? ამაზე ეკონომისტებმა იფიქრონ. ჰო, რაც შეეხება სამამულო და პატრიოტულ განცდებს, თანხა რომ დავტოვე ეგვიპტეში და არა სამშობლოს ბიუჯეტში... თავს ვინუგეშებ: ბიუჯეტში შესული თანხით ვიღაც ოხერი აიღებდა პრემიას და დასვენებაც ნაკლები ხარისხის გამომივიდოდა!

 

 

 მაშ, თავად გააკეთეთ არჩევანი წითელსა და შავ ზღვას შორის!

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია