დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მასშტაბურ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/09/20 16:28:32

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე. გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიყურადების და გადაადგილების შესახებ ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალებს, დახურული ჯგუფებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ.

 

პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარუყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს.

 

მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე.

 

სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს.

 

საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. 2017 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა და მას შემდეგ არ გამოაქვს გადაწყვეტილება, რითაც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს.

 

სამწუხაროდ არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში). 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა.

 

ეროვნულ დონეზე, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს.

 

თუმცა, აქვე პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი.

 

პარალელურად, ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 63
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია