დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე - საპროტესტო აქცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად
2021/01/13 16:30:00

 

ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და  ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

 

„პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარის, ელენე ელბაქიძის განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.

 

„18 დეკემბერს  პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და 22 დეკემბერს მივმართეთ 4 ძირითადი კითხვით, გავმართეთ აქცია პერფორმანსი, შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ საკითხს გამოეხმაურა ბევრი პოლიტიკური პარტია და პარტიების ახალგაზრდული ფრთები, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკურად აქტიური პრობლემაა. სამწუხაროდ ხელისუფლება ისევ დუმს, ამიტომ დღეს ჩვენ ვმართავთ დუმილის აქციას და გავაგრძელებთ ბრძოლას“. - ამბობს ელენე ელბაქიძე.

 

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის, მაკა ტოხიშვილი ინფორმაციით, 3 უნივერსიტეტი უკვე წავიდა გარკვეულ დათმობებზე, რაც ცენტრის აქტივობების შედეგია.

 

„ჩვენ როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციას ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მოგვმართა უამრავმა სტუდენტმა სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, საკანონმდებლო ორგანოსთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებასაც იმ თვალსაზრისით, რომ სამი უნივერსიტეტი წავიდა უკვე დათმობაზე“. - აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

 

„მწვანეების“ წარმომადგენლის ანა აფაქიძის თქმით, ერთი თვეა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესის ცენტრთან თანამშრომლობენ და იზიარებენ მათ მოთხოვნებ, რომ განახევრდეს სწავლის გადასახადი და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგეთ სტატუსი.

 

„ვინაიდან ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი სტუდენტია და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს პრობლემა, გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ ბრძოლაში. პანდემიის ფონზე უამრავმა სტუდენტმა დაკარგა სამსახური და ვეღარ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას, რაც მათი პირადი პასუხისმგებლობა არ არის. ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე  უნივერსიტეტს უამრავი რესურსი და ხარჯი შეუმცირდა, და შესაბამისად საჭიროა, რომ სწავლის საფასურიც განახევრდეს“ - აცხადებს ანა აფაქიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია